ეგზიტპოლის თანახმად, გერმანიაში, თიურინგიის მხარეში ადგილობრივ არჩევნებში ულტრამემარჯვენე, ანტიიმიგრაციული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს
ეგზიტპოლის თანახმად, გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში, თიურინგიაში ადგილობრივი პარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე, ანტიიმიგრაციული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს.
როგორც „ბიბისი“ წერს, გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ARD-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემებით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 32,8 პროცენტს აგროვებს. ის თითქმის ცხრა პროცენტით უსწრებს კოსერვატიულ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“, რომელსაც 23,8 პროცენტს უწინასწარმეტყველებენ.
არაოფიციალური მონაცემებით, მესამე ადგილზე ახლად დაარსებული მემარცხენე პარტია „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ გავიდა ხმების 15,5 პროცენტით.
გერმანიის ამჟამინდელ მმართველ კოალიციაში შემავალმა ორმა პარტიამ – „მწვანეებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ“, ეგზიტპოლის თანახმად, თიურინგიის პარლამენტში მოსახვედრად საკამრისი ხმები ვერ დააგროვა.
თუ ეს პროგნოზი გამართლდება, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯევს. თუმცა, როგორც საერთაშორისო მედია წერს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ თიურინგიაში მთავრობის ფორმირება შეძლონ.
რაც შეეხება საქსონიის მიწას, ARD-ს ეგზიტპოლის თანახმად, „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ ხმების 31,8 პროცენტი აქვს, ხოლო პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 30,7 პროცენტი. მესამე ადგილზეა მემარცხენე პარტია „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“, რომელსაც ხმების 12 პროცენტი აქვს.