ეგზიტპოლის მიხედვით, გერმანიის მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწაზე ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს, ბერლინში კი პირველ ადგილზე „მემარცხენე პარტიაა“
გერმანიის მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწაზე ჩატარებული ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 37% მიიღო. მეორე ადგილზეა სოციალ-დემოკრატიული პარტია 35.5%-ით.
კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ 5.5%-იანი შედეგით მესამე ადგილზეა, რაც რეგიონულ პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ბარიერს მცირედით აღემატება.
პირველადი ეგზიტპოლის მიხედვით, ბერლინში „მემარცხენე პარტია“ 24.5%-ით ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა ხდება, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 12.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული შედეგია. მეორე ადგილზეა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ 20%-ით, რომელმაც წინა არჩევნებთან შედარებით 8.2 პროცენტული პუნქტი დაკარგა. მესამე ადგილზე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადის 16%-ით – პარტიის შედეგი წინა არჩევნებთან შედარებით 6.9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
ცნობისთვის, დღეს გერმანიაში, ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში რეგიონული არჩევნები გაიმართა. ორივე მიწაზე საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურა. მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ეს მიწის პარლამენტის რიგით მეცხრე არჩევნებია. ბერლინში კი არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.