ეგვიპტეში უძველესი მუმიების ფერადი პორტრეტები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ეგვიპტელმა არქეოლოგებმა მუმიების ფერადი პორტრეტები აღმოაჩინეს — პირველად თითქმის საუკუნის შემდეგ.
ორი ეგვიპტური მუმიის სრული პორტრეტი და ზოგიერთი მუმიის პორტრეტთა ფრაგმენტები მეცნიერებმა ქალაქ ელ-ფაიუმში, არქეოლოგიურ ძეგლ გერზაზე მიმდინარე გათხრებისას იპოვეს; ამ სახის ხელოვნების ნიმუშები ბოლოს 115 წლის წინ აღმოაჩინეს. კონკრეტულად კი ეს გახლდათ ინგლისელი არქეოლოგი ფლინდერს პეტრი, რომელმაც 1911 წელს რომაულ სასაფლაოზე 146 მუმიის პორტრეტი იპოვა.
აღმოჩენა უძველეს ქალაქ ფილადელფიის ნანგრევებში გაკეთდა, რომელიც თანამედროვე კაიროდან 120 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით, ამჟამინდელ ქალაქ ელ-ფაიუმის ტერიტორიაზე მდებარეობდა.
არქეოლოგთა ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა დამკრძალავი შენობა, ჩანაწერები პაპირუსებზე, კერამიკა და პტოლემეების პერიოდის სარკოფაგები; ამ პერიოდმა ძვ. წ. 305 წლიდან ძვ. წ. 30 წლამდე გასტანა.
ეგვიპტის მთავრობის განცხადებით, ეს აღოჩენა მომაჯადოებელი ცნობებს გვაწვდის იმ ხალხის სოციალური, ეკონომიკური და რელიგიური მდგომარეობის შესახებ, რომლებიც დაახლოებით 2000 წლის წინ ფილადელფიაში ცხოვრობდა („ფილადელფია“ ძველბერძნულად ნიშნავს „ძმური სიყვარულის ქალაქს“).
ნახატების კოლექცია, რომელსაც ფაიუმის პორტრეტები უწოდეს, ასახავს იმ ანტიკური საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანებს. ფილადელფიაში ბერძნები და ეგვიპტელები 600 წელიწადზე მეტხანს ცხოვრობდნენ.
„ამ პორტრეტების კონტექსტი რეალურად არავინ იცის, მაგრამ ახლა დაზუსტებით ვიცით, საიდან მომდინარეობს ისინი და ეჭვგარეშეა, კიდევ უფრო მეტს ვიპოვით“, — ამბობს ძველი ფილადელფიის გათხრების პროექტის ხელმძღვანელი ბასემ გეჰადი.
ერთ-ერთ ხის სარკოფაგში არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს ქალღმერთ ისიდა-აფროდიტეს იშვიათი, ტერაკოტის ქანდაკება.
გეჰადის განცხადებით, ეს ქანდაკება მეტყველებს ბერძნების გავლენაზე ეგვიპტურ ხელოვნებაზე.
ეგვიპტის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ფარაონმა პტოლემე II ფილადელფოსმა (ძვ. წ. 309 – 246 წწ) ფილადელფია დააარსა როგორც სასოფლო-სამეურნეო სოფელი, რომელსაც მისი იმპერიის სურსათით მომარაგება უნდა უზრუნველეყო.
ძეგლზე გათხრები 2016 წლიდან მიმდინარეობს.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.