ეგვიპტეში ტერაქტის შემდეგ, პოლიციამ 40 რადიკალის ლიკვიდაცია მოახდინა
ეგვიპტეში ტერაქტის შემდეგ, პოლიციამ 40 რადიკალის ლიკვიდაცია მოახდინა

​ეგვიპტეში, კაიროს ტურისტულ რეგიონში მომხდარი ტერაქტის შემდეგ სამართალდამცველებმა 40 რადიკალის ლიკვიდაცია მოახდინეს. ამის შესახებ BBC-ი ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მასშტაბური სპეცოპერაცია კაიროში გიზისა და ჩრდილოეთ სინაის რეგიონებში ჩატარდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რადიკალები სხვადასხვა ტურისტულ ადგილებზე, ეკლესიებსა და სამხედრო ობიექტებზე ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.

კაიროში, გიზის რაიონში აფეთქება 28 დეკემბერს, საღამოს საათებში მოხდა. ტერაქტს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის ობიექტი 14 ვიეტნამელი ტურისტით სავსე ავტობუსი გახდა. ისინი პირამიდების სანახავად ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ავტობუსში იყვნენ მძღოლი და ექსკურსიის ხელმძღვანელიც. ეგვიპტური მედია ქვეყნის უსაფრთხოების ძალების წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციური მართვით ამოქმედდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.