ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ეგვიპტეში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცედურა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ფავორიტი კანდიდატი ეგვიპტის მოქმედი ლიდერი, აბდელ ფატაჰ ალ-სისია, რომელიც 2013 წლიდან იკავებს აღნიშნულ თანამდებობას. ის პრეზიდენტი ეგვიპტის ყოფილი ლიდერის, მუჰამედ მორსის წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შედეგად გახდა, შემდეგ კი, 2014 წელს არჩევნებში გაიმარჯვა.
მისი ერთადერთი კონკურენტი ცენტრისტი მუსა მუსტაფა მუსაა, რომელსაც ეგვიპტელების დიდი ნაწილი არ იცნობს.
როგორც „ბი ბი სი“ წერს, აბდელ ფატაჰ ალ-სისის მოწინააღმდეგე ფაქტობრივად არ ჰყავს. ყველა ოპოზიციონერმა კანდიდატმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. თავდაპირველად, ასეთი სულ შვიდი იყო, მათ შორის უფლებადამცველი ხალიდ ალი და ეგვიპტის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, აჰმად შაფიქი. ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მათზე ზეწოლას ახდენდა და ამიტომ, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.
პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ეგვიპტის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაური, სამი ანანი კი, დააკავეს. ამის გამო სხვა ოპოზიციონერმა კანდიდატებმა ბოიკოტი გამოაცხადეს.
ეგვიპტეში ხმის მიცემის უფლება 84 მილიონ ადამიანს აქვს.