ეგვიპტეში ქვიშაქვის სფინქსის ქანდაკება აღმოაჩინეს
ეგვიპტეში ქვიშაქვის სფინქსის ქანდაკება აღმოაჩინეს

ძველეგვიპტური ტაძრის ნანგრევების გათხრისას, არქეოლოგებმა ქვიშაქვისგან დამზადებული სფინქსის სკულპტურა აღმოაჩინეს.

ეგვიპტის სიძველეთა მინისტრის, მუსტაფა ვაზირის ცნობით, ქანდაკება ქალაქ ასუანის სიახლოვეს, ფარაონების ტაძარ კომ-ომბოში მაშინ აღმოაჩინეს, როცა მკვლევრები მიწისქვეშა წყლის ამოშრობას ცდილობდნენ.

სფინქსის ქანდაკება საკმაოდ პატარაა და სიმაღლეში სულ რაღაც 38 სანტიმეტრია.

ორი თვის წინ, ტაძრის ამავე სექციაში არქეოლოგებმა ფარაონ პტოლემე V-ის ორი ქვიშაქვის ბარელიეფი იპოვეს. ტაძრის ეს ნაწილი ნაყოფიერების ნიანგისთავიანი ღმერთის, სებეკის სახელობისაა, მიეკუთვნება პტოლემების დინასტიას და თარიღდება ძვ. წ. 305-30 წლებით.

პტოლემე V, რომლის საგმირო საქმეებიც სახელგანთქმულ როზეტის ქვაზეა აღწერილი, ძვ. წ. 204-181 წლებში მეფობდა. ტაძრის მშენებლობა მისი სიკვდილის შემდეგ მისმა მემკვიდრემ, პტოლემე VI ფილომეტორმა დაიწყო და მომდევნო პტოლემებმა გააგრძელეს.

სფინქსის ქანდაკების დანიშნულება და მნიშვნელობა ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ უნდა ყოფილიყო უდავოდ მნიშვნელოვანი ნივთი. ძველ ეგვიპტეში, სფინქსები ფარაონებთან იყვნენ ასოცირებული და ხშირად, საფლავში მცველების სახით ათავსებდნენ.

ამ კავშირის ნათელსაყოფად, ზოგიერთი მმართველი სფინქსის ქანდაკებებზე საკუთარ სახეს კვეთდა. ამით ისინი ხაზს უსვამდნენ თავიანთ კავშირს მზის ლომისთავიან ქალღმერთ სეხმეტთან.

განსაკუთრებით სახელგანთქმულია დედოფალ ჰატშეფსუტის სფინქსი და რაღა თქმა უნდა, გიზის დიდი სფინქსი, რომელიც ფარაონ ხეფრენს განასახიერებს.

ახლად აღმოჩენილი ციცქნა სფინქსი საკმაოდ კარგად არის შენახული, აქვს ცოცხალი ადამიანივით სახე და გამჭოლი მზერა.

ეგვიპტური ცივილიზაციის ეროვნულ მუზეუმში გამოსაფენად გადატანამდე, არქეოლოგები ქანდაკების შესწავლას განაგრძობენ.