ეგვიპტეში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტრო ინფიცირებულის ვინაობას არ ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის იზოლირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი. დაკვირვების ქვეშ არის ყველა ის ადამიანი, ვისაც ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება.
ეს ეგვიპტეში კორონავირუსით ინფიცირების მეორე შემთხვევაა. პირველი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან გაწერეს.