ეგვიპტეში ასობით უძველესი სარკოფაგი და მუმია აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ეგვიპტეში ასობით უძველესი სარკოფაგი და მუმია აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ეგვიპტეში, კაიროს სამხრეთით, საკარის არქეოლოგიურ ძეგლზე მრავალი სარკოფაგი და ბრინჯაოს ქანდაკება აღმოაჩინეს, მათ შორის არის ხუროთმოძღვარ იმჰოტეპის ქანდაკებაც.

აღსანიშნავია, რომ ამ ზონაში ბოლო წლებში მრავალი ახალი აღმოჩენა გაკეთდა.

საკარა ძველი ეგვიპტის დედაქალაქ მემფისის უზარმაზარი ნეკროპოლისია — იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც მოიცავს თორმეტამდე პირამიდას, ცხოველთა სამარხებს და ძველ ქრისტიანულ მონასტრებს.

ახლად აღმოჩენილ ბრინჯაოს 150 სკულპტურას შორის არის იმჰოტეპის ქანდაკება, ხუროთმოძღვრის, რომელმაც ძველი მსოფლიოს არქიტექტურაში რევოლუცია მოახდინა.

იმჰოტები ძვ. წ. მესამე ათასწლეულში ცხოვრობდა და მისი აგებულია ფარაონ ჯოსერის საფეხურებიანი პირამიდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ადრეულია ძველ ეგვიპტეში. მოგვიანებით, ის მედიცინის ღმერთად აღიარეს.

საკარის ახალი არქეოლოგიური მისია გათხრების ოთხ სეზონს მოიცავს და წლებია მიმდინარეობს. ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, მუსტაფა ვაზირი მისიის მიზანსაც ამხელს: იმჰოტების საფლავის პოვნა.

სხვა ქანდაკებები მრავალ სხვადასხვა ღმერთსა თუ ქალღმერთს ასახავს, მათ შორის ბასტეტს, ანუბისს, ოსირისს, ამუნმეენს, ისიდას, ნეფერტემსა და ჰატჰორს.

მისიის ფარგლებში ასევე აღმოჩენილია გვიანდელი ეგვიპტის პერიოდის, ძვ. წ. მეხუთე საუკუნის ხის 250 სარკოფაგი, რომლებშიც მუმიებია.

ერთ-ერთ სარკოფაგში მკვლევრებმა ხელუხლებელი და დალუქული პაპირუსი აღმოაჩინეს. ის სრული აღდგენისა და შესწავლისთვის უკვე გადაეცა კაიროს ეგვიპტური მუზეუმის ლაბორატორიას.

ვაზირის განცხადებით, პაპირუსის სიგრძე დაახლოებით ცხრა მეტრია და სავარაუდოდ შეიცავს მიცვალებულთა წიგნის თავებს; მიცვალებულთა წიგნი წარმოადგენს სამგლოვიარო ტექსტების კოლექციას, რომელშიც შედგება შელოცვებისგან, რომლებსაც ეგვიპტელები იყენებდნენ ქვესკნელში მიცვალებულთა გზის გასაკვალად.

სარკოფაგებს დიდ ეგვიპტურ მუზეუმში გადაიტანენ, რომელიც წლის ბოლოს გიზის დიდი პირამიდის სიახლოვეს უნდა გაიხსნას.

ახალ მუზეუმში ბოლო წლების არქეოლოგიურ აღმოჩენებს გამოფენენ და ეგვიპტეს იმედი აქვს, რომ ის ქვეყნის ტურიზმის ხელახლა აღორძინებას შეუწყობს ხელს.

საკარის ნეკროპოლისში მარტში ასევე აღმოაჩინეს ხუთი სამეფო სამარხი, გასული წლის იანვარში კი ახალი სამეფოს ხის 50-ზე მეტი სარკოფაგი; ახალი სამეფოს ხანა ძველ ეგვიპტეში ძვ. წ. მე-11 საუკუნეში დასრულდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.