ეფექტური ქართული გოლი იტალიაში - ლორთქიფანიძემ „პრატოს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, დავით ლორთქიფანიძემ იტალიაში ისეთი გოლი გაიტანა, ადგილობრივი მედიის დიდი ყურადღება მიიქცია.
სერია D-ს თასის 1/8-ფინალში ქართველის გუნდი „იუნაიტედი რიჩიონე“ გასვლაზე „პრატოს“ ეთამაშა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა. მე-12 წუთზე კარისკენ ზურგით მდგარმა ლორთქიფანიძემ „მაკრატელა“ დაარყტა და ბურთი კარში ეფექტურად შეაგდო. ახლა „იუნაიტედი რიჩიონე“ ემზადება მეოთხედფინალისთვის, სადაც მას „ადრისე“ დაუპირისიპირდება.
21 წლის ქართველი ნახევარმცველი „დინამო თბილისის“ და „საბურთალოს“ აკადემიის მოთამაშე იყო. ხვიჩა კვარაცხელიას და ზუკა დავითაშვილის თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს ასაკობრივ ნაკრებებში სისტემატურად იწვევდნენ.
დავით ლორთქიფანიძე 6 წლის წინ წავიდა იტალიაში და „ატალანტას“ საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა. 17 წლის ასაკში სერია B-ს „პადოვაში“ აიყვანეს, მაგრამ ტრავმის გამო 8 თვე გაუცდა. მოედანზე რომ დაბრუნდა, „პადოვა“ სერია C-ში იყო გავარდნილი. ამან შემდგომში იურიდიული პრობლემები შეუქმნა – რადგან სერია C-ში ქართველებს (არაევროკავშირელებს) თამაშის უფლება არ აქვთ, ლორთქიფანიძე იჯარით სერია D-ს „იუნაიტედ რიჩიონეში“ გაუშვეს. იქ კი სტატუსი შეეცვალა და ნიჭიერმა მოთამაშემ სერია B-ს რამდენიმე დაინტერესებულ გუნდთან კონტრაქტი ვეღარ გააფორმა. ამის გამო, შესაძლოა, ევროპის სხვა ქვეყანაში წავიდეს.