ეროვნულ მუზეუმში ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივის გამოფენა გაიხსნა
ეროვნულ მუზეუმში ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივის გამოფენა გაიხსნა

ეროვნულ მუზეუმში ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების, ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივის გამოფენა გაიხსნა.

დამთვალიერებელს საშუალება აქვს, გაეცნოს დიმიტრი ერმაკოვის ფოტოალბომებს, რომლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, კავკასიის ბუნება და ადამიანების ყოფაა ასახული, ასევე წიგნებსა და ალბომებს საქართველოს ისტორიის, კავკასიის ცივილიზაციისა და არქეოლოგიის შესახებ. დამთვალიერებელი ნახავს ფოტომასალას, რომელიც თბილისის სახალხო სახლისა და უნივერსიტეტის ისტორიული შენობის მშენებლობას აღწერს.

მუზეუმის სტუმრები პირადი არქივიდან ზუბალაშვილების გვარის ისტორიასთან და მათ გაწეულ ქველმოქმედებასთან დაკავშირებულ დეტალებსაც შეიტყობენ.

გამოფენილი მასალები ზუბალაშვილების მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, გაზეთ „ივერიისა“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დაფინანსების შესახებ შემონახულ კორესპონდენციას აერთიანებს; ასევე მათ მიერ დაწესებული სტიპენდიების ნუსხას, რომელთა საშუალებითაც რუსეთსა და ევროპაში ისეთმა ახალგაზრდებმა მიიღეს განათლება, როგორებიც იყვნენ ალექსანდრე ჯანელიძე, სარგის კაკაბაძე, შალვა ამირეჯიბი, გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, პავლე ინგოროყვა და სხვები.

უნიკალური არქივი მეცენატისა და კოლექციონერის, იაკობ (ჟაკ) ზუბალაშვილის რამდენიმე პირად ნივთს ინახავს. ასევე სპეციალურ გამოცემასაც, რომელიც მის მიერ საფრანგეთის მუზეუმებისთვის უსასყიდლოდ გადაცემულ ხელოვნების ნიმუშებს ეხება.

პეტრე ზუბალაშვილის შთამომავლებმა, 114 წლის განმავლობაში, შვეიცარიასა და შემდეგ საფრანგეთში, მათ სახლში დაცული ისტორიული დოკუმენტაცია და ნივთები 2018 წლის ივნისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს საჩუქრად. უნიკალური არქივის საქართველოში ჩამოტანა პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილს, ვირჟინი ანლარს უკავშირდება.