ედიშერ ქარჩავა - სახალხო დამცველს პანსიონში კანონდარღვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რაიმე მტკიცებულება თუ აქვს, ჩვენი მისამართი იცის, მოგვმართოს და გვექნება რეაგირება
ედიშერ ქარჩავა - სახალხო დამცველს პანსიონში კანონდარღვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რაიმე მტკიცებულება თუ აქვს, ჩვენი მისამართი იცის, მოგვმართოს და გვექნება რეაგირება

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ნინო ლომჯარიას თუ ჰქონდა სურვილი, ნინოწმინდის პანსიონში პირადად შესულიყო და კანონით დადგენილი წესით განეხორციელებინა საკუთარი უფლებამოსილება, საპატრიარქო ამაში ხელს არ შეუშლიდა.

ქარჩავას თქმით, პირიქით, სახალხო დამცველი ოფიციალურად თუ მიმართავთ, საპატრიარქო ხელს შეუწყობს.

„ქალბატონ ნინოს თუ უნდოდა, რომ პირადად შესულიყო და კანონით დადგენილი წესით განეხორციელებინა თავისი უფლებამოსილება, ამის ხელშეშლას საპატრიარქო არ დაუშვებდა, პირიქით, ჩვენ მზად ვართ, რომ მას მიეცეს საშუალება, კანონით დადგენილი წესით განახორციელოს თავისი უფლებამოსილება ამას ჩვენ ხელს შევუწყობთ, თუ მოგვმართავს ის ოფიციალურად. რასაც ის ამბობს, ამის გადამოწმების საშუალება, შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს, რადგან სად ხვდება, ვისს ხვდება, რატომ ხვდება, ეს ჩვენთვის არის გაუგებარი, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი არ შემოძლია. კანონით დადგენილი წესით იქ შესულები არიან შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც აფასებენ მდგომარეობას და სწავლობენ ვითარებას. ამიტომ მე წინასწარ რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

რაც შეეხება კითხვას სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ პანსიონში სამი სკოლამდელი ბავშვია, რომლებიც ოფიციალურად არ ჩარიცხულან, ედიშერ ქარჩავას თქმით, არ იცის, საიდან აქვს ნინო ლომჯარიას აღნიშნული ინფორმაცია.

„თუ მას აქვს რაიმე მტკიცებულება, კანონდარღვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ჩვენი ადგილმდებარეობა, მისამართი იცის, მოგვმართოს და ამაზე გვექნება რეაგირება. შესულია კომისია, რომელიც სწავლობს მდგომარეობას. მე პირადად ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. თუ ქალბატონ ნინოს აქვს რაიმე დოკუმენტაცია, მტკიცებულება, შეუძლია, ამასთან დაკავშირებით ოფიციალურად მოგვმართოს.  თანამშრომლობაზე ჩვენ უარს არ ვამბობთ, პირადად ჩემთვის გაუგებარია, რატომ ამბობს თვითონ უარს“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ბავშვების დასჯასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებაზე კი ედიშერ ქარჩავა აღნიშნავს: „ქალბატონი ნინო რაზეც საუბრობს, ეს არის რაღაც ამ დაწესებულების კარებს მიღმა, რადგან ესეც კი მის ინსტიტუციას აყენებს ჩრდილს, რატომ უნდა დადიოდეს სახალხო დამცველი კარდაკარ, სადღაც მაშინ, როდესაც მას შეეძლო, თავისი უფლებამოსილება განეხორციელებინა ჩვენი თანხმობით და ჩვენთან თანამშრომლობით“.

ედიშერ ქარჩავამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სახალხო დამცველი საპატრიარქოს ოფიციალურად თუ მიმართავს, რომ მისი საქმიანობის განხორციელებას ხელი ეშლება, საპატრიარქო მზადაა თანამშრომლობისთვის.

„ახლაც არ არის გვიან, თუ ის მზად არის, რომ ითანამშრომლოს საპატრიარქოსთან, ჩვენ უარს არ ვაცხადებთ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში საუბარია შვიდ ბავშვზე და მათ და ძმებზე, რადგან კონვენციითაც არ შეიძლება ამ ბავშვების განცალკევება. რა თქმა უნდა, ესენი დროებით იყვნენ გაყვანილი, დანარჩენები, ვინაიდან მოვიდა ზაფხული, მშობლებმა თავისი ნებით წაიყვანეს. თუ რაიმე ძალადობას ან კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, თუნდაც ეს მშობლები და  ბავშვები დაადასტურებენ, ცალკე რომ დარჩებიან.

ესეც ნიშნავს, რომ ისინი თავისუფლებაშეზღუდულები არ არიან ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით. დროებით გავიდა რამდენიმე ბავშვი, დაახლოებით 35 ბავშვამდეა დარჩენილი. ოჯახთან ინტეგრაცია, ოჯახთან ურთიერთანამშრომლობა სწორედ ნიშნავს, რომ რაღაც პერიოდში გადიან ბავშვები ოჯახებში, შემდგომ აბრუნებენ პანსიონატაში. ამიტომ თუ ისინი მოისურვებენ დროებით გასვლას,  რა თქმა უნდა, პანსიონატი უშვებს“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხო მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

„ამიტომ ამ ბავშვების უფლებები რამდენად არის დაცული, სადაც გაიყვანეს და ადაპტირება მოახდინეს, ესეც ცალკე რისკფაქტორია, ამაზე საუბრობენ სპეციალისტები. ეს არ არის, უძრავ ქონებას ყადაღა დაადო, რომ არ გაიყიდოს. ეს ბავშვები ადაპტირებული არიან იმ გარემოში, მათზე უკვე ხორციელდებოდა მონიტორინგი და მზრუნველობა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. ამიტომ თუ სადმე დაცული არიან ეს ბავშვები დღეს, იქ არიან დაცული.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ბავშვების ახლა გაყვანის

გადაუდებელი აუცილებლობა არ იყო. ჯერ სარჩელიც არ აქვთ წარდგენილი. ათი დღის ვადაში მათ სარჩელი და მტკიცებულებები უნდა წარადგინონ, თუ ეს არ დადასტურდა, თქვენ წარმოგიგდენიათ, დროებით გაყვანილი ბავშვები ისევ პანსიონატში უნდა დაბრუნდნენ.

ამიტომ რა აუცილებლობაა ამისი, ჯერ შეესწავლათ ობიექტურად, სახელმწიფო ორგანოებს, სოცმუშაკებს, დაესაბუთებინათ და შემდეგ მიეღოთ. სასამართლო გადაწყვეტილებაც არ იყო აუცილებელი. თუ იქ კანონდარღვევა იქნებოდა, როგორც გაიყვანეს რამდენიმე ბავშვი მინდობით აღზრდაში და კერძო, მცირე ზომის დაწესებულებაში, ასევე სახელმწიფო შეზღუდული არ არის, მათაც გაიყვანს. ჩვენ გვინდა, სიმართლე დადგინდეს, ჩვენ გვინდა, ბავშვებს ხელი შევუწყოთ და შევუქმნათ უკეთესი პირობა, ვინც უკეთეს პირობას შემოგვთავაზებს, ამის წინააღმდეგი არ ვართ. ჯერ არ გაგვისაჩივრებია, რადგან არ ჩაგვბარებია პროცესუალურად“, – ამბობს ედიშერ ქარჩავა.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანა.

გარდა ამისა, როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ანა არგანაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას მხოლოდ შშმ ბავშვების უფლებების დაცვა შეუძლია სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ პანსიონში საფრთხე ეხება იქ მცხოვრებ ყველა ბავშვს.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ამ დროისთვის 20-მა ბენეფიციარმა დატოვა, მათ შორის შვიდი შშმ პირია. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება პანსიონის ხელმძღვანელი მეუფე სპირიდონი. ამასთან, საპატრიარქოში აცხადებენ, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს ეხება.