ედიშერ მამალაძე - ხარისხის სტანდარტის ამაღლებამ ბაზრიდან უხარისხო პროდუქცია ავტომატურად განდევნა და ადგილობრივი წარმოება გაზარდა
ედიშერ მამალაძე - ხარისხის სტანდარტის ამაღლებამ ბაზრიდან უხარისხო პროდუქცია ავტომატურად განდევნა და ადგილობრივი წარმოება გაზარდა

ქართული კაბელის წარმოებაში ხარისხის ევროპულ სტანდარტთან დაახლოებამ ბაზრიდან უხარისხო პროდუქცია ავტომატურად განდევნა და ადგილობრივი წარმოების ზრდას შეუწყო ხელი, – ამის შესახებ კომპანია „საქკაბელის“ მმართველმა პარტნიორმა, ედიშერ მამალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კაბელის წარმოების პრობლემები და პერსპექტივები განიხილეს.

როგორც ედიშერ მამალაძემ განაცხადა, მოკვლევამ გამოავლინა, რომ ბაზარი ყველანაირი პროდუქტით იყო გაჯერებული, ხარისხიანი თუ უხარსიხო.

„არსებობდა მოსაზრება, რომ ბაზარმა თავისი თავი თვითონ უნდა დაარეგულიროს. ეს რთულია მაშინ, როცა ხელში არანაირი ბერკეტი არ გაქვს. ჩვენ აქცენტი მაინც სტანდარტზე გავაკეთეთ, ვინაიდან ვიცოდით, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში, ადრე თუ გვიან, ევროპის ბაზარი გაგვეხსნებოდა. შესაბამისად, ამისთვის მზადება თავიდანვე დავიწყეთ. ბაზარზე უხარისხო პროდუქციას ვერაფერი მოვუხერხეთ, სანამ ხარისხის სტანდარტი არ გავზარდეთ“, – განაცხადა მამალაძემ.

მისი განმარტებით, კაბელის მწარმოებელმა კომპანიებმა წარმოების სტანდარტი ევროკავშირის სტანდარტს საკუთარი ინიციატივით დაუახლოვეს. კომპანიებმა სახელმწიფოს სთხოვეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხანძარუსაფრთხოების რეგულაციის ამოქმედების ვადა 2020-დან 2018 წელს გადმოეწია. შედეგად, ადგილობრივი ბაზარი უფრო დაცული გახდა.

„მწარმოებლებმა წარმოების სტანდარტი ავამაღლეთ და სახელმწიფოს ვუთხარით, რომ უკვე გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა და მზად ვართ, ხარისხიანი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარს ფასის გაუძვირებლად მივაწოდოთ. ეკონომიკის სამინისტრომ მხარი დაგვიჭირა და 2018 წლის დეკემბერში შემოიტანეს ხანძარუსაფრთხოების ნორმა, რაც 2020 წელს უნდა ამოქმედებულიყო. ამას ნეგატიური მოვლენებიც უსწრებდა წინ, როდესაც უხარისხო პროდუქციის გამო, ხანძარი გაჩნდა და ამასთან დაკავშირებით, რეგულაციები შემოვიდა. სერტიფიცირების პროცესი სრულად 2019 წლიდან ამოქმედდა და როგორც საქართველო ვერ შეიტანს ევროპაში არასერტიფიცირებულ პროდუქციას, ისე საქართველოში ვერ შემოვა არასერტიფიცირებული კაბელი. კაბელი, რომელსაც ხანძარუსაფრთხოება გავლილი არა აქვს, არ აწერია მწარმოებელი და ზოგადად, თუ პროდუქტის მწარმოებელი და მიკვლევადობა შესაძლებელი არ იქნება, ასეთი პროდუქტი ბაზარზე აღარ დაიშვება“, – განმარტა მამალაძემ.

მისი შეფასებით, მცდარია ფართოდ გავრცელებული მიდგომა, რომ ხარისხის სტანდარტის ზრდა ინდუსტრიასა და ბაზარზე უარყოფითად აისახება, რადგან ხარისხის ზრდით ადგილობრივი წარმოება მხოლოდ ვითარდება.

„დღეს უკვე კაბელის სამი წარმოება მუშაობს საქართველოში. მათ გარკვეულწილად საკუთარ თავზე აიღეს ტვირთი, რაც ადრე იმპორტზე მოდიოდა. ეს ინდუსტრია კონკურენტუნარიანი და საინტერესო რომ არ იყოს, არავინ გახსნიდა კაბელის წარმოებას, რომელსაც დიდი კაპიტალდაბანდება სჭირდება. ხარისხის ზრდამ მოთხოვნისა და შესაბამისად, რეალიზაციის ზრდა გამოიწვია. ის უხარისხო პროდუქცია ავტომატურად განიდევნა ბაზრიდან და ადგილობრივი წარმოება გაიზარდა. სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის არის შიში, რომ ხარისხის მოთხოვნას თუ გაზრდის, პროდუქცია გაძვირდება და ბაზარზე ცუდად აისახება. ამ დროს ეს ასე არ არის. პროდუქცია ვერ გაძვირდება, რადგან კონკურენცია ძალიან მძაფრია, შენ გააძვირებ, სხვა უფრო იაფად შემოვა. ხარისხის ზრდით ადგილობრივი წარმოება უფრო იზრდება, რაც ლარსაც წაადგება“, – განუცხადა ედიშერ მამალაძემ „ბიზნესპარტნიორს“.