მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პროგრამის მესამე ეტაპი სექტემბრიდან ამოქმედდება
მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პროგრამის მესამე ეტაპი სექტემბრიდან ამოქმედდება

მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პროგრამის მესამე ეტაპი სექტემბრიდან დაიწყება და მასში საპენსიო ასაკის მოსახლეობა და შშმ პირები ჩაერთვებიან, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის დღევანდელი დადგენილებით, შემოდგომაზე სახელმწიფო პროგრამის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რაც საპენსიო ასაკის მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, აღნიშნულ პირებზე გავრცელდება ის მედიკამენტები, რომლებიც სოციალურად დაუცველებზე, რასაც დაემატება ასევე გულსისხლძარღვთა კომბინირებული მედიკამენტები.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე, ხელმისაწვდომობა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს შეეხება, ამ შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით მომარაგებას, შემდეგი პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და სხვა ქრონიკულ დაავადებებს მოიცავს, რომლის მკურნალობა ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას.

მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 13 აგვისტოს ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო სექტემბრიდან პენსიონერებისთვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სუბსიდირებას მოახდენს და ისინი კიდევ უფრო გაიაფდება. გარდა ამისა, დიაბეტის სამკურნალო „მედფორმინის“, გლიმეპრიდისა“ და „გლიკლაზიდის“ შეძენა უკვე ნახევარ ფასად არის შესაძლებელი.