Edelman Trust Barometer - ადამიანები მთავრობაზე მეტად საკუთარ კომპანიებს ენდობიან 
Edelman Trust Barometer - ადამიანები მთავრობაზე მეტად საკუთარ კომპანიებს ენდობიან 

ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკუთარ მთავრობაზე მეტად იმ კომპანიებს ენდობიან, სადაც თავად არიან დასაქმებული – ასეთია ცნობილი ყოველწლიური კვლევის, Edelman Trust Barometer-ის, ე.წ. ნდობის ბარომეტრის 2019 წლის მთავარი მესიჯი.

Edelman Trust Barometer-ი ცნობილი ამერიკული საკონსულტაციო და მარკეტინგული კომპანიის, Edelman-ის მიერ წარმოებული წლიური კვლევაა, რომელიც საზოგადოების ნდობისა და განწყობის ხარისხს ზომავს პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალური და საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიმართ..

2019 წლის კვლევის მიხედვით, დედამიწაზე ხუთ კაცში მხოლოდ ერთს სჯერა, რომ არსებული ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სისტემა მის სასარგებლოდ მუშაობს. ამის საპირისპიროდ, 60 პროცენტი თვლის, რომ სავაჭრო კონფლიქტები ზიანს აყენებს იმ კომპანიებს, სადაც თავად გამოკითხულები არიან დასაქმებული. მათ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული სისტემა სამსახურის დაკარგვის რისკებს ქმნის.

ყველაზე მძაფრი პესიმიზმის გრძნობა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებშია, სადაც იაპონია ლიდერობს.

იაპონიაში საზოგადობის 84 პროცენტს, (იმ ადამიანების გარდა, ვისაც უმაღლესი განათლება და საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვს, ასევე ახალ ამბებს თვალს სისტემატურად ადევნებს) არ სჯერა, რომ მომავალ ხუთ წელიწადში მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება. პესიმისტური მაჩვენებელი 79 პროცენტია საფრანგეთში, 74 – გერმანიაში და 72 პროცენტი – დიდი ბრიტანეთში. ეს საკმოდ მაღალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ კვლევა სულ 27 ქვეყანაში ჩატარდა და პესიმისტური განწყობის საშუალო მაჩვენებელი 49 პროცენტი დაფიქსირდა.

მეორეს მხრივ, გამოკითხული ადამიანების 75 პროცენტი აცხადებს, რომ ენდობა კომპანიას, სადაც თავადაა დასაქმებული. მთავრობის მიმართ ნდობის მაჩვენებლი 48 პროცენტია, ხოლო 47 პროცენტი ენდობა მედიას.

ოპტიმიზმი შედარებით მაღალია აშშ-ში, სადაც გამოკითხულთა 50 პროცენტზე მეტს სჯერა, რომ მომდევნო ხუთი წლის მანძილზე უკეთესად იცხოვრებს. აქ კარგი განათლებისა და მაღალი შემოსავლების მქონე საზოგადოების 62 პროცენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი.

კვლევითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი რიჩარდ ედელმანი თვლის, რომ დროა, კომპანიების მმართველები უფრო გააქტიურდნენ და მეტი პირადი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე, რადგან მსოფლიოს პოლიტიკური მმართველები უუნარონი აღმოჩნდნენ.

კვლევა გასული წლის 19 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა და მონაწილეობა სულ 33 ათასმა ადამიანმა მიიღო.