EBU-მ ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში „ემის“ სამი ჯილდო მოიპოვა
EBU-მ ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში „ემის“ სამი ჯილდო მოიპოვა

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) აშშ-ის ტელევიზიის, ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემიის მიერ დაწესებული „ემის“ სამი ჯილდო მიიღო ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის დარგში.

ჯილდოთი, რომელიც ინჟინრულ შემოქმედებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის გაიცემა, აღიარებულია EBU-ს მიერ ერთობლივად შემუშავებული ის სამი ძირითადი ტექნოლოგია, რომლებმაც ჩამოაყალიბა ან საფუძვლად უდევს დღეს სამაუწყებლო ინდუსტრიაში ფართოდ გამოყენებულ სისტემებს.

აშშ-ის ტელევიზიის, ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემიის (NATAS) ჯილდო ტექნოლოგიისა და ინჟინერიის სფეროში ყოველწლიურად გადაეცემა იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებმაც არსებითი გავლენა იქონიეს ტელეპროგრამების ყურების ხარისხზე.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 9-13 ოქტომბერს მაუწყებელთა ეროვნული ასოციაციის (NAB) შოუსთან პარტნიორობით ლას ვეგასში გაიმართება.

„ემის“ ეს სამი ჯილდო ადასტურებს ჩვენს რწმენას, რომ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა წარმატებული ინოვაციებისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზაზე სვლას. ეს ჯილდოები არის იმის მტკიცებულება, რომ კოლაბორაციულ მოწინავე ინოვაციებს ტექნოლოგიების მომავლის ფორმირება და გრძელვადიანი პრაქტიკული გავლენა შეუძლიათ. მოხარული ვართ, რომ ამ ტექნოლოგიების განმავითარებელი ინჟინრებისა და ექსპერტების მუშაობას ამ ჯილდოთი პატივი მიაგეს“, – აცხადებს ტექნოლოგიების და ინოვაციების საკითხში EBU-ს დირექტორი ანტონიო არჩიდიაკონო.

EBU-მ საპატიო ჯილდო მიიღო Advanced Authoring Format-ის (AAF) შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს არის მულტიმედიური ფაილების ფორმატი, რომელიც პლატფორმებს შორის მასალების გაცვლის საშუალებას იძლევა. აღნიშნული ჯილდო EBU-მ AMWA-სთან, Avid Technology-სთან და BBC Research & Development-თან ერთად მოიპოვა. „ემის“ მეორე ჯილდო ორგანიზაციამ მიიღო კამერებისთვის განკუთვნილი სამაუწყებლო, ჰიბრიდული ელექტრო და ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელისა და დამაკავშირებლების სტანდარტიზაციისა და კომერციალიზაციისთვის. აღნიშნული ჯილდო EBU-მ გაიზიარა რადიო ინდუსტრიისა და ბიზნესის ასოციაციასთან (ARIB), LEMO-სთან, Belden-თან და NEMAL-თან. ბოლო ჯილდო კი, გადაეცა ტექნოლოგია Common Encryption-ზე მუშაობისთვის, რომელიც დაშიფრვის სისტემასთან არის დაკავშირებული. ეს ჯილდო EBU-მ DVB-სთან ერთობლივად მიიღო.