ავიაინდუსტრიის ევროპული გიგანტი „ეარბასი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოგაბარიტიანი სამგზავრო თვითმფრინავის, „ა380-ის“ გამოშვებაზე უარს ამბობს. ეს პრესტიჟული ავიალაინერი მართალია თავისი კომფორტული პირობებით მგზავრების აღფრთოვებას იწვევდა, მაგრამ ეკონომიკურად ვერ გაამართლა, რადგან ავიაკომპანიები უფრო მომცრო გაბარიტის საჰაერო ხომალდებს ანიჭებენ უპირატესობას, რომელსაც საწვავი ნაკლები სჭირდება.
როგორც „ეარბასის“ ხელმძღვანელმა, ტომ ენდერსმა დღეს განაცხადა, კომპანიას 3500 სამუშაო ადგილის გაუქმებაც მოუწევს.
ავიაკომპანია „ა380-ის“ გამოშვებას საბოლოოდ 2021 წელს შეწყვეტს, როდესაც ამ ტიპის ლაინერის მიწოდების კონტრაქტები ამოიწურება უმსხვილეს კლიენტთან, ავიაკომპანია „ემირატესთან“ და კიდევ რამდენიმე წვრილ დამკვეთთან.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ „ეარბასის“ მიერ ყველაზე ფართოგაბარიტიანი ლაინერის წარმოებაზე უარი მსოფლიოს სამოქალაქო ავიაინდუსტრიაში გამყოფი ხაზია. მათი განმარტებით, „ა380“, რომელიც 800 მგზავრს იტევს, არ იყო მხოლოდ თვითმფრინავი, ეს იყო ავიაინდუსტრიაში ევროპის ამბიციური განაცხადი , რომელსაც ამერიკული ავიაგიგანტის „ბოინგის“ ყველაზე პრესტიჟული მოდელი 747 უნდა დაეჩრდილა. ეს უკანასკნელი მიმდინარე თვეში გამოშვებიდან 50-ე წლისთავს ზეიმობს.
„ეარბასის“ პრესტიჟული მოდელის შექმნაში პრაქტიკულად მთელი ევროპა იღებდა მონაწილეობას და ის პოლიტიკოსების სიამაყის საგანი გახლდათ- ფრთები ბრიტანეთში მზადდებოდა და ხომალდის აგება სრულდებოდა საფრანგეთსა და გერმანიაში.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „ეარბასის“ ამბიციური მოდელის წარუმატებლობა ბაზარზე გამოსვლის დროის ცუდად შერჩევამ გამოიწვია. ეს პრესტიჟული მოდელი პირველად 2007 წელს გამოვიდა , როდესაც მსოფლიოში ფინანსური კრიზისი დაიწყო და სამგზავრო ინდუსტრია და მასთან ერთად ავიაგადამზიდავები საგრძნობლად დააზარალა.
მოგვიანებით დუბაის აეროპორტების მსგავსი ჰაბის ფუნქციის მქონე მასშტაბური აეროპორტების მომძლავრებამ „ეარბასის“ პროექტის განვითარებას ხელი შეუწყო. სწორედ დუბაის „ემირატსი“ იყო „ა380-ის“ მთავარი დამკვეთი. თუმცა ამ ავიაკომპაიამ განაპირობა, როგორც „ეარბასის“ პრესტიჟული პროექტის აღმასვლა, ასევე დასასრულიც, როდესაც ბოლო დაკვეთა მკვეთრად შეამცირა.
როგორც ენდერსი განმარტავს, „ემირატსმა“ შეკვეთა „ა380-ზე“ 54-დან 14-მდე შეამცირა და ამ დანაკლისის შევსება ვერ მოხერხდა.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ „ბოინგმა“ ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის პირველ წლებში გადაწყვიტა, რომ მომავალი მცირეგაბარიტიან ლაინერებს ეკუთვნით, რომლებიც შეძლებენ დიდ ჰაბებს გვერდი აუარონ და მცირე ბაზრები პირდაპირ დააკავშირონ. თანაც, მათი ოპერირება გაცილებით იაფია. ამიტომ „ეარბას 380-ზე“ მოთხოვნა დაეცა. არც ერთი ამერიკული ავიაკომპანია ამ მოდელს არ იყენებს, ჩინურმა ავიაკომპანიებმა ძალიან მცირე რაოდენობით შეიძინეს, იაპონელებმა კი, სულ ახლახლანს მიიღეს პირველი „ა380“. შეკვეთა შეამცირა თვით ფრანგულმა ავიაკომპანია „ეარ ფრანსმაც“.