ე.წ. შათდაუნის გამო, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ამერიკული დელეგაცია არ ჩავა
ე.წ. შათდაუნის გამო, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ამერიკული დელეგაცია არ ჩავა

ე.წ. შათდაუნის გამო, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ამერიკული დელეგაცია არ ჩავა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერსმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ვიზიტის გაუქმების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერების გამო მიიღო.

„800 ათასი ამერიკელი დასაქმებული ხელფასს არ იღებს, პრეზიდენტის ჯგუფმა კი ამ ხალხს შესაბამისი დახმარება უნდა გაუწიოს. სწორედ ამიტომ, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დელეგაცია არ გაგზავნოს“, – განაცხადა სარა სანდერსმა.

თავად დონალდ ტრამპმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საკუთარი ვიზიტის გაუქმების შესახებ 10 იანვარს განაცხადა. ამის მიზეზად თეთრი სახლის ლიდერმა მექსიკის საზღვართან დაკავშირებით დემოკრატების პოზიცია დაასახელა, რის გამოც მთავრობა კონსენსუსს ვერ აღწევს.

ე.წ. შათდაუნი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018 წლის 22 დეკემბრის შემდეგ მოქმედებს. მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერების გამო, 800 ათასი ამერიკელი ხელფასს ვერ იღებს. ამის მიზეზი კი დონალდ ტრამპის მოთხოვნაა. აშშ-ის პრეზიდენტი საზღვარზე კედლის აშენებისთვის დამატებით ხუთი მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს. ამას კი დემოკრატები ეწინააღმდეგებიან.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 22-25 იანვარს გაიმართება.

დატოვე კომენტარი