ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი მცირეწლოვანია
ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი მცირეწლოვანია

კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ახალ შემთხვევებს შორის ორი მცირეწლოვანია – ერთ წლამდე და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, სამ წლამდე ბავშვს, ასევე ერთ წლამდე ბავშვს დედასთან ერთად თბილისში გადაიყვანენ, ხოლო დანარჩენი ორი პირი ბათუმის „მედალფას“ კლინიკაში მოთავსდება. ინფიცირებულები ორი ოჯახის წევრები არიან სოფელ ლეღვადან.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დღეს ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან 28 პირის ანალიზის პასუხს ელოდნენ, რომელთაგან აღნიშნული ხუთი შემთხვევა დადასტურდა.

ნინო ნიჟარაძის თქმით, აღნიშნული პირები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათზე დაწესებული იყო მეთვალყურეობა. მათ გამოუვლინდათ ვირუსის კლინიკური ნიშნებიც.

საერთო ჯამში, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან აჭარაში კორონავირუსის უკვე 25 შემთხვევაა დადასტურებული. ასევე, დადგენილია კონტაქტებისა და მეორადი კონტაქტების 350 შემთხვევა, რომელთაგან 180 უკვე გამოკვლეულია. როგორც აჭარის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, გამოიკვლევენ დანარჩენ პირებსაც.