ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ახალი ლიდერი ჰყავს
ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ახალი ლიდერი ჰყავს

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ახალი ლიდერი ამირ მოჰამედ აბდულ რაჰმან ალ-მაული ალ-სალბი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა ამირ აბდულ რაჰმანს დაეშის ერთ-ერთ ლიდერად ასახელებს, რომელიც რადიკალური ორგანიზაციის ყოფილ ლიდერთან, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადთან დაახლოებული პირია.

ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ აშშ-მა გასული წლის ოქტომბერში განაცხადა.

„გარდიანი“ წერს, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერები ჯერ კიდევ 2004 წელს შეხვდნენ ერთმანეთს ერაყში, „კემპ-ბუკას“ ამერიკულ ბანაკში, სადაც ორივე მათგანი დაკავებული იყო.

ამირ აბდულ რაჰმანი დაჯგუფების ერთ-ერთი დამფუძნებელია, მისი იდეოლოგიის შექმნაში და არაერთი ოპერაციის დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას.

სადაზვერვო უწყებები ვარაუდობენ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ახალი ლიდერი შესაძლოა, ქალაქ მოსულის მახლობლად იმალებოდეს.

ამირ მოჰამედ აბდულ რაჰმან ალ-მაული ალ-სალბი სწორედ მოსულის უნივერსიტეტში სწავლობდა.