ძველეგვიპტურ ტაძარში სფინქსის მსგავსი ორი უზარმაზარი ქანდაკება აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ძველეგვიპტურ ტაძარში სფინქსის მსგავსი ორი უზარმაზარი ქანდაკება აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

არქეოლოგებმა ეგვიპტეში ფარაონ ამენჰოტეპ III-ის ორი კირქვის სკულპტურა აღმოაჩინეს, რომლებიც სფინქსის სტილშია გამოქანდაკებული.

ეგვიპტურ-გერმანული მისიის მიერ აღმოჩენილი სფინქსის მსგავსი ქანდაკებები თავდაპირველად რვა მეტრის სიგრძის უნდა ყოფილიყო; ისინი ფარაონ ამენჰოტეპ III-ისთვის შეუქმნიათ. მე-18 დინასტიის ეს ფარაონი ეგვიპტეს ძვ. წ. 1390-1353 წლებში მართავდა და ცნობილია მშვიდობიანობითა და კეთილდღეობით. მისი შვილიშვილი გახლდათ ფარაონი ტუტანხამონი.

მკვლევართა ჯგუფმა სფინქსის მსგავსი სკულპტურები ძველ დედაქალაქ თებეში (თანამედროვე ლუქსორი), ფარაონ ამენჰოტეპ III-ის ტაძარ-სამარხში აღმოაჩინა, რომელსაც ძველეგვიპტელები „მილიონობით წლის ტაძარს“ უწოდებდნენ.

არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს ტაძარ-სამარხის კოლონებისა და კედლების ნანგრევები, რომლებზეც საცერემონიო და სარიტუალო სცენები იყო გამოსახული.

ამენჰოტეპ III-ის ორი ქანდაკებას აქვს მანგუსტის მსგავსი თავსაბურავი, სამეფო წვერი და ფართო ყელსაბამი. რესტავრაციისას ერთ-ერთი ქანდაკების მკერდზე გამოჩნდა წარწერა, რომელზეც ფარაონის მისამართით წერია: „ამონ-რას რჩეული“.

„ვიდრე ძვ. წ. 1200 წელს მიწისძვრა გაანადგურებდა, ამ ტაძარში ბევრი ქანდაკება, მოდელი და დეკორაცია მდგარა“, — ამბობს მისიის მეცნიერი, ეგვიპტოლოგი ჰურინგ სორუზიანი.

მისიამ ასევე აღმოაჩინა ქალღმერთ სეხმეტის სამი კარგად შემონახული სკულპტურა. ამ ქალღმერთს ლომის თავითა და ქალის ტანით გამოსახავდნენ. მისი ქანდაკებები შიდა ეზოს ღია ინტერიერის ფასადზე იყო მოთავსებული, რასაც პერისტილის ეზოს უწოდებდნენ.

„პერისტილში ახლად აღმოჩენილი კედლის რელიეფის ნაჭრები გვიჩვენებს ჰებ-სედის ახალ სცენებს; ეს გახლდათ ფესტივალი, რომელსაც ფარაონები ტახტზე ასვლის 30 წლისთავზე იწყებდნენ და შემდეგ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმეორებდნენ“, — ამბობს სორუზიანი.

ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს განცხადებით, ჰებ-სედი ძველეგვიპტელთათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო.

ფესტივალის ამსახველი გამოსახულებები გვიჩვენებს ტახტზე მჯდარ ფარაონს და მის გარშემო თავმოყრილ ხალხის ჯგუფებს, რომლებიც მის სიტყვას ელოდებიან.

ფესტივალის დასკვნით ნაწილში ფარაონს ეზოში უნდა ერბინა, რათა თავისი ფიზიკური შესაძლებლობები წარმოეჩინა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.