ძლიერმა ქარმა ზუგდიდში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა ზუგდიდში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით, 20-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლი, დევნილთა ოთხი საერთო საცხოვრებელი და ოთხი საჯარო სკოლა, ასევე განმუხურში მდებარე ამფითეატრი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა სოფლების უმეტესობას. ადგილზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები მუშაობენ. შესაბამისი სამუშაოების შემდეგ, ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება 20-ზე მეტ სოფელშია აღდგენილი.

სტიქიამ მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და გარე განათების ბოძები. მერიის სამსახურების თანამშრომლები სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ქარის მიერ მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს. სტიქიასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“.