ძლიერი წვიმის შედეგად, ახმეტის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლის ეზო დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად, ახმეტის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლის ეზო დაიტბორა

ახმეტის სოფელ კასრისწყალში ძლიერი წვიმის შედეგად საჯარო სკოლის ეზო დაიტბორა.

მთის ფერდობებიდან ჩამოსულმა ნიაღვარმა დაფარა შენობის ეზო, სარდაფი, საპირფარეშოები და დამხმარე სათავსოები. ამასთან, წყალმა დააზიანა სოფლის შიდა გზები, ძლიერმა ქარმა კი, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ღლიღვაშვილმა განუცხადა, სკოლის სარდაფიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს სამაშველო ბრიგადა ხვალ დილიდან შეუდგება.

„დავუკავშირდით 112-ს, მაგრამ ელექტროგადამცემი ხაზები დაწყვეტილია და სიბნელის გამო, მაშველები ვერ იმუშავებდნენ. ნაწილს ალბათ ნიადაგი გაიწოვს, რაც დარჩება, ხვალ ამოტუმბავენ“, – განაცხადა მანანა ღლიღვაშვილმა.

ამასთან, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, სკოლის ტერიტორიის დატბორვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. მათი თქმით, ანალოგიური შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა.