ძიუდოს საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს თბილისის გრანპრის სტატუსის ამაღლებას სთავაზობს
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები საქართველოს სთავაზობენ თბილისის ტურნირის სტატუსის ამაღლდეს და მას გრან-პრის ნაცვლად გრან-სლემის სახელი მიენიჭოს.
შემოთავაზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საერთაშორისო ფედერაციას მსგავსი თხოვნით თავად ქვეყნები მიმართავენ, ამჯერად კი მსოფლიო ძიუდოს მესვეურები სტატუსის ამაღლების სურვილს უკვე თავად აფიქსირებენ.
თბილისის გრან-პრის გათამაშებას გრან-სლემის სტატუსი, რომ მიენიჭოს ამისთვის დამატებით კიდევ საჭიროა 400 000 ევრო. ჯამში კი ქვეყანას ტურნირის ჩატარება დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაუჯდება.
ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირები თბილისში 1970 წლიდან ტარდება. იმ დროს ძიუდოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ ჰქონდა სახელი მოხვეჭილი და საერთაშორისო ტურნირები იშვიათობა იყო. ამიტომაც იყო, რომ თბილისში გამართულ პირველივე შეჯიბრებებში უკვე წარმატებული ძიუდოისტები ჭიდაობდენენ.
სპორტის სასახლის ტატამზე წარმატება მოუპოვებიათ:
1970-1972 წლები – ჟან-ლიოკ როჟე – (საფრანგეთი), მსოფლიოს 1975 წლის ჩემპიონი.
1972 წელი – კაზუჰირო ნინომია (იაპონია), 1976 წლის ოლიმპიური და მსოფლიოს 1973 წლის ჩემპიონი.
1972-73 და 1976 წლები – სუმიო ენდო (იაპონია). მსოფლიოს 1975 და 1979 წლების ჩემპიონი.
1979 წელი – იასუჰირო იამაშიტა (იაპონია), 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს 1979, 1981 (ორგზის, მძიმე და აბსოლუტურ წონებში) და 1983 წლების ჩემპიონი.
1980 წელი – დიტმარ ლორენცი (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა), 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1982 წელი – დეტლეფ ულჩი (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) – მსოფლიოს 1979 და 1983 წლების ჩემპიონი.
1982 წელი – ჰიტოჩი საიტო (იაპონია), 1984 და 1988 წლების ოლიმპიური და მსოფლიოს 1983 წლის ჩემპიონი.
1983 წელი– სინძი ოსოკავა (იაპონია), 1984 წლის ოლიმპიური და მსოფლიოს 1985 წლის ჩემპიონი.
1985 წელი-ფაბიენ კანუ (საფრანგეთი), მსოფლიოს 1987 და 1989 წლების ჩემპიონი.
1987 წელი – ალექსანდრ მარკი (საფრანგეთი), 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1990-იან წლების დასაწყისიდან ტურნირზე სულ უფრო და უფრო ნაკლებად ჩამოდიოდნენ ცნობილი ძიუდოისტები.
2005 წლიდან თბილისის ტურნირი კვლავ გაჩნდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში და 2005-დან 2012 წლამდე თბილისი მსოფლიო თასის გათამაშების ერთ-ერთი ეტაპის მასპინძელი იყო. 2013 წელს თბილისის ტურნირს ევროპის ღია ჩემპიონატი უწოდეს, ხოლო 2014 წლიდან ჩვენი დედაქალაქი შეჯიბრს გრანპრის სტატუსით მასპინძლობს.