ძიუდოს კლუბი „მებრძოლი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ჭიდაობა ძიუდოში კლუბი „მებრძოლი“ ზედიზედ მეორედ, მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
საქართველოს ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ანკარაში გამართულ „ოქროს ლიგაში“ ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი პირველსავე წრეში დაკარგა, როდესაც რუსეთის „ნიუ სტრიმთან“ 1:4 წააგო. ბრინჯაოს მედლამდე კი ჯერ ჩერნოგორიის „აკადემიკს“ 5:0, ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში საფრანგეთის სგს-ს 3:2 სძლია.
პირველობისთვის რვა კლუბი იბრძოდა. მათ შორის არ იყო კონტინენტის 2016 წლის ჩემპიონი „საგარეჯო“, რომელიც შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ დაიშალა. გუნდის რამდენიმე წევრი „მებრძოლს“ დაემატა, მაგრამ ამჯერად ქართველი ძიუდოისტები მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ.
ევროპის საკლუბო ჩემპიონატი რუსული ფინალით დასრულდა. „იავარა ნევამ“ „ნიუ სტრიმს“ 4:1 მოუგო. პოდიუმის მესამე საფეხურზე კი, „მებრძოლთან“ ერთად, ლისაბონის „სპორტინგი“ ავიდა.