ძიუდოს კლუბი ,,გოლდენ გორი“ ევროპის მთავარ საკლუბო ლიგაში იასპარეზებს
ძიუდოს კლუბი ,,გოლდენ გორი“ ევროპის მთავარ საკლუბო ლიგაში იასპარეზებს
ჩემპიონთა ლიგას პორტუგალიის ქალაქი ოდიველა უმასპინძლებს. ეს კლუბი შარშან, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ბაზაზე დაარსდა და პირველივე შეჯიბრი, ევროპის ლიგა ტრიუმფით დაასრულა. ევროპის ლიგაზე გამარჯვებით, გორელებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს და 16 ნოემბერს სწორედ ამ შეჯიბრზე იჭიდავებენ.
გუნდის შემადგენლობაში შარშანდელთან შედარებით მცირედი ცვლილებებია. გასული წლის მსგავსად, „გოლდენ გორის“ ღირსებას კვლავ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73), ლუკა მაისურაძე (81) და ბექა ღვინიაშვილი (90) დაიცავენ, მძიმე წონაში კი უშანგი კოკაურის ნაცვლად,  გელა ზაალიშვილი იჭიდავებს.
„გოლდენ გორს“ კვლავ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი – ნოდარ მეტრეველი უხელმძღვანელებს.
ჩემპიონთა ლიგაზე პირველობისათვის 8 კლუბი იბრძოლებს. ჩვენი „გოლდენ გორის“ გარდა, აქ პირველობისთვის მოქმედი ჩემპიონი ლისაბონის „სპორტინგი“, აგრეთვე ფრანგული კლუბები – „ეტუალი“ და „ფლამ 91“, რუმინული „ბუქარესტი“, სერბული „რედ სტარი“ და რუსული კლუბები – „იავარა ნევა“ და „ეკატერინბურგი“ იბრძოლებენ.