ძიუდოს ახალი რეიტინგი - ათეულში ორი ქართველია #1TVSPORT
ძიუდოს ახალი რეიტინგი - ათეულში ორი ქართველია #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ IJF-მა (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართველები მოწინავე პოზიციებზე არიან.

 

კაცები

60 კგ.

პირველ ადგილზე იაპონელი ნაოჰისა ტაკატოა. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი, ქართველი ლუხუმ ჩხვიმიანი მე-9 პოზიციაზეა. თემურ ნოზაძე კი მე-18 ადგილს იკავებს.

ტოკიოში წარმატებულმა გამოსვლამ ვაჟა მარგველაშვილი ერთი პოზიციით დააწინაურა და ახლა ის 66კგ-ში მესამე ადგილზეა. პირველ პოზიციას აქაც იაპონელი, ოლიმპიური ჩემპიონი, ჰიფუმი აბე იკავებს.

 

73 კგ.

მეორე ადგილზე გადავიდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა შავდათუაშვილი.

 

81 კგ.

პირველი სამეული უცვლელი დარჩა: ბელგიელი მატიას კასე პირველია, მეორე – ისრაელელი საგი მუკი, ქართველი ტატო გრიგალაშვილი კი მესამე პოზიციას იკავებს. კიდევ ერთი ქართველი, ლუკა მაისურაძე რეიტინგში ამჟამად მეჩვიდმეტეა.

 

90 კგ.

ტოკიოს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მეორე ადგილზეა და მხოლოდ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს ჩამორჩება.

 

100 კგ.

ვარლამ ლიპარტელიანი ისევ სიის სათავეშია. კიდევ ერთი ქართველი – ილია სულამანიძე კი რეიტინგის მეოცე ნომერია.

 

+100

მძიმე წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ოთხი პოზიციით დაწინაურდა და მეორე პოზიციაზეა. სიაში მე-17 ადგილზეა გელა ზაალიშვილი.

 

ქალები

57კგ.

ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, ერთი ადგილით დაწინაურდა და სიაში მეთექვსმეტე ადგილზეა.

საერთო რეიტინგში ლიდერი კვლავ ნიკოლოზ შერაზადიშვილია, ხოლო ათეულში საქართველოს ორი წარმომადგენელი ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ბექაური იმყოფებიან.