ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე, პირველ დღეს კვარცხლბეკი ქართველი ძიუდოისტების გარეშე შეივსო. -60; -66 და -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ცხრა ქართველიდან ფინალურ ბლოკამდე მხოლოდ ერთმა – ომარ ნიაზაშვილმა მიაღწია.
-73 კილოგრამში მოასპარეზე ქართველმა წინასწარ ეტაპზე ოთხი შეხვედრა იპონით მოიგო, მაგრამ ნახევარფინალში ასევე იპონით, აზერბაიჯანელ – ტელმან ვალიევთან, ასევე იპონით 18 წამში დამარცხდა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრას, აქ ნიაზაშვილმა ძირითადი დროის დასრულებამდე 12 წამით ადრე, იტალიელ – აუგუსტო მელონისთან წააგო.
ასევე ფინალურ ბლოკში იასპარეზა ქართული წარმოშობის საფრანგეთის ნაკრების წევრმა ლუკა მხეიძემ. – 60 კილოგრამი წონითი კატეგორიის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა მან იაპონელ – ტაცუკო იამამოტოსთან დათმო.
ევროპის ღია პირველობა, გარნად სლემებისა და გრან პრიების შემდეგ, ძიუდოს კალენდარში რანგით მესამე ტურნირია. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მიიღება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები და ოლიმპიური თამაშები. ამ ტურნირზე როგორც წესი შანსი იმ სპორტსმენებს ეძლევათ, რომლებსაც ნაკრებში თავის დამკვიდრება უნდათ, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა მსგავს შეჯიბრებებზე სხვადასხვა მიზნით ოლიმპიურ ჩემპიონებსაც უასპარეზიათ.
ხვალ ტურნირში კიდევ 11 ქართველი ძიუდოისტი ჩაერთვება. -81 კილოგრამში საქართველოს ღირსებას გიგა გიგაური დაიცავს. გიორგი პაპუნაშვილი, ნოდარ ბერიანი და თორნიკე ჯუღელი შეეცდებიან მედლების მოპოვებას – 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში. -100-ში იასონ ნემსაძე, ონისე სანებლიძე და დავით ოზბეთაშვილი, მძიმე წონაში კი ონისე ბუღაძე, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ზაქარიაძე და გუგა კიბორძალიძე იასპარეზებენ.