ძიუდო | ტოკიოს გრანდ სლემზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
იაპონიის დედაქალაქი ტოკიო 2-3 დეკემბერს ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტურნირზე საქართველოს ნაკრები როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა ძიუდოისტებითაა წარმოდგენილი.
2023 წლის ტურნირზე 16 ქართველი სპორტსმენი იჭიდავებს (13 კაცი, 3 ქალი). დღეს ტოკიოში წილისყრა გაიმართა, სადაც მათი მეტოქეები გაირკვა.
60 კგ-ში ორი ქართველი იჭიდავებს. ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილი პირველი წრიდან თავისუფალია, მეორე ეტაპზე კი ვიეტნამელ დუკ დატ ჩუს შეხვდება.
ლუხუმ ჩხვიმიანი პირველივე წრეში უკრაინელ არტემ ლესიუკს დაუპირისპირდება.
66 კგ-შიც ორი ქართველი გამოვა. თენგო ზირაქაშვილი პირველ ეტაპზე სამხრეთკორეელ კიმ ჩანიონგს შეხვდება.
ვაჟა მარგველაშვილი პირველ წრეს გამოტოვებს, მეორე ეტაპზე კი მალაველ დილესი ვაისონსა და ბულგარელ იანისლავ გერჩევს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
73 კგ-ში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი პირველი წრიდან თავისუფალია, მეორე ეტაპზე კი ტაჯიკ ბეჰრუზი ხოჯაზოდასა და პორტუგალიის სახელით გამომსვლელ ქართველ ოთარ კვანტიძეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ამავე წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილი პირველ ეტაპზე გერმანელ რუებოს დაუპირისპირდება, წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში კი ყაზახი ასკარ ნარკულოვი ელის.
81 კგ-ში 19 წლის ალექსანდრე ლოლაძე პირველ წრეში დაისვენებს, მეორე ეტაპზე კი მოლდოველ მიჰაილ ლატისიევსა და უზბეკ მუსო სობიროვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
90 კგ-ში ორი ქართველი იასპარეზებს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე მეორე წრეში ისრაელის წარმომადგენელ გაი გურევიჩთან იჭიდავებს.
ამ წონაში გამომსვლელი კიდევ ერთი ქართველი ლუკა ბაბუციძე მეორე წრეში არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ არამ გრიგორიანსა და თურქმენ მამადალი ახილდიევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი პირველივე წრეში იაპონელ კოტარო უეოკასთან იჭიდავებს. გიორგი ბერიაშვილიც იაპონელთან, აარონ ვულფთან გამოცდის თავის ძალებს.
+100 კგ-ში შალვა გურეშიძე ვენესუელელ ლუის ამესკვიტას დაუპირისპირდება. ტურნირზე გამომსვლელი მეორე მძიმეწონოსანის, ლევან მატიაშვილის მეტოქე კი მაროკოელი მოჰამედ ლაჰბუბია.
57 კგ-ში ეთერ ლიპარტელიანის მოწინააღმდეგე პირველ წრეში არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი მაიტა მოჰამედია.
63 კგ-ში ეთერ ასკილაშვილი მეორე ეტაპზე სლოვენიელ ანდრეია ლესკისთან იჭიდავებს.
+78 კგ-ში სოფიო სომხიშვილი პირველ წრეში სამხრეთკორეელ საეტბიეოლ პარკს დაუპირისპირდება.
2 დეკემბერი:
კაცები: -73კგ, -81კგ, 90კგ.
ქალები: -57კგ, -70კგ, +78კგ.
წინასწარი შეხვედრები 04:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი – 10:30 საათზე.
3 დეკემბერი:
კაცები: -60კგ, -66კგ, -100კგ, +100კგ.
ქალები: -48კგ, -52კგ, -63კგ, -78კგ.
წინასწარი შეხვედრები 04:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი – 12:00 საათზე.
2022 წელს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ტოკიოს გრანდ სლემზე მხოლოდ ლაშა ბექაურმა იჭიდავა. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრება კი იაპონელების ტრიუმფით დასრულდა. მათ მამაკაცებში – ხუთი, ხოლო ქალებში შვიდივე ოქროს მედალი მოიპოვეს.