ძიუდო | ტოკიოს გრანდ სლემზე ქართველების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ძიუდო | ტოკიოს გრანდ სლემზე ქართველების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 3-4 დეკემბერს ძიუდოში გრანდ სლემი გაიმართება. ტურნირზე საქართველოდან ექვსი სპორტსმენი იასპარეზებს.

შეჯიბრზე მამაკაცებიდან მხოლოდ ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა ბექაური იჭიდავებს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ძიუდოისტის გრანდ სლემზე გამოსვლა იაპონელების დიდი სურვილი იყო. 90კგ-ში ლაშა ბექაური წონის ლიდერია. ქართველი ასპარეზობაში მეორე ტურიდან ჩაერთვება, სადაც სამხრეთკორეელ დონჰვან გვაკსა და აშშ-ს წარმომადგენელს, ხერონიმო საუკედოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, ბექაურის სავარაუდო მეტოქე მასპინძელი ძიუდოისტი სოიჩირო მუკაი იქნება.

57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე იჭიდავებენ. ეთერი წონის ლიდერია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს. ქართველის სავარაუდო მეტოქე პირველივე შეხვედრაში იაპონელი ცუნაკა იოშიდა იქნება, რომელიც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონია. ნინო ლოლაძე პირველ შეხვედრას გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელთან, მაიტა მოჰამედთან გამართავს.

63 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას ეთერ ასკილაშვილი დაიცავს. ქართველი განუთესავია და ასაპრეზობაში პირველი ეტაპიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქე ავსტრალიელი მაევი კოლანი იქნება.

70 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ნინო გულბანი იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე პირველ წრეში რუმინელი სერაფიმა მოსკალუ იქნება.

+78კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას სოფიო სომხიშვილი დაიცავს. ქართველი ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც ძლიერ იაპონელი მეტოქეს, იკარუ კოდამას დაუპირისპირდება.

3 დეკემბრის წინასწარი შეხვედრები 04:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 10:30-ზე გაიმართება.

4 დეკემბერს წინასწარი შეხვედრები 06:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი – 12:30-ზე.