ძიუდო | ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტი ზედიზედ მესამედ გახდა – ქართველმა ტურნირის ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს სპორტსმენს, ტიმურ არბუზოვს ვაზარით მოუგო.
დღეს ფინალურ ბლოკში იჭიდავა 81 კგ-ში მოასპარეზე დიმიტრი გოჩილაიძემაც, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ტაჯიკ მაჰმადბეკოვთან დამარცხდა.
ტატო გრიგალაშვილი ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტია, ვინც სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
შეგახსენებთ, რომ დღემდე მსოფლიო პირველობაზე ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ორი მედალი იყო – 60 კგ-ში მოასპარეზე 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, 66 კგ-ში კი ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.