ქალთა შორის ევროპის ღია პირველობაზე – სოფიო სომხიშვილმა მეხუთე ადგილი დაიკავა. +78 კილოგრამ წონით კატეგორიაში იგი უნგრელ – კიტი ჰაჯის არასრულ სამ წუთში გაუსწორდა. ჯგუფის ფინალში კი უკრაინელ – ანასტასია საპსაისთან 1:35 წამში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო.
დამამშვიდებელ რაუნდში, ქართველმა მძმეწონოსანმა პოლონელ – ანა ზავეჟნას ვაზარით მოუგო და ფინალურ ბლოკში ადგილიც დაიბევა. სამწუხაროდ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სოფიომ გამარჯვება ვეღარ მოახერხა. იტალიელ ელიზა მარჩიოსთან დამატებით დროში ტექნიკური იპონით დამარცხდა. ძირითად დროში ორივე ძიუდოისტმა ორ-ორი შიდო მიიღო, დამატებითში კი სომხიშვილმა კიდევ ერთი გაფრთხილება დაიმსახურა და შესაბამისად მეხუთე ადგილით დაკმაყოფილდა.
დღესვე ვარშავის ტატამზე კიდევ ერთი ქართველი გოგონა – მარიამ ჭანტურია გავიდა. -70 კილოგრამი წონითი კატეგორიის მერვედფინალში მან საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე იპონით მოუგო ყაზახ დილბარ უმირლაიევას. მეოთხედფინალში ვაზარით უგებდა ბელგიელ გაბრიელა ვილემსს, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა. ბრინჯაოსკენ მივალ გზაზე მარიამმა პოლონელი – სანრდა ლიცკუნის ბარიერი ვეღარ დასძლია და ევროპის ღია პირველობა, საბოლოდ მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
შეგახსნებთ რომ, ამავე ტურნირზე გუშინ ნატალია ყიფშიძემ (-48) და მარიამ ჯანაშვილმაც (-57) იასპარეზეს, თუმცა ორივე მათგანი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. მათ გარდა, საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ -გია თენაზეს, პოლონეთში კიდევ ორი სპორტსმენი – მზია ბებოშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ახლდა, რომლებმაც ასპარეზობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ მოახერხეს.