ხვალიდან 1 სექტემბრის ჩათვლით, მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს „ნიპონ ბუდოკანის“ არენაზე შეიკრიბებიან. მსოფლიოს ჩემპიონატზე, 149 ქვეყნის 860 ძიუდოისტი შეიკრიბა და მედლების 16 კომპლექტს გადაინაწილებენ. თითო ქვეყანას მაქსიმუმ 18 სპორტსმენი ეყოლება, მათ შორის პირველად ძიუდოს ისტორიაში წარმოდგენილი იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა ოლიმპიური გუნდი (Refugee Olympic Team), რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ცხრა წარმომადგენლით იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის სირიიდან და ავღანეთიდან. გარდა ამისა 12 ქვეყანას შერეული ნაკრები ეყოლება, რომლებიც გუნდურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.
შემადგენლობა ყველა ნაკრებს ოპტიმალური ჰყავს. კაშკაშა ვარსკვლავებიდან, რომლებიც ძიუდოს სამშობლოში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იასპარეზებენ, გამოსარჩევი ფრანგი ტედი რინერია, ტურნირის დაწყებამდე ორი დღით ადრე კი მონაწილეობაზე პოლიტიკური მიზეზით ირანის ნაკრებმა და მათმა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, საიდ მოლაეიმ განაცხადეს.
საქართველოს ნაკრები
არანაკლებ ვარსკვლავურია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა. მამაკაცთა შორის ნოდარ მეტრეველმა კვოტა სრულად გამოიყენა. ორ-ორი წარმომადგენელი მსუბუქ წონით კატეგორიებში იქნებიან, დანარჩენებში კი მედლებისთვის თითო ქართველი იბრძოლებს. გუნდში არიან ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, პრიზიორი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი:
-60კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ამირან პაპინაშვილი
-66კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-73კგ: ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ: ლუკა მაისურაძე
-90კგ: ბექა ღვინიაშვილი
-100კგ: ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ: გურამ თუშიშვილი.
შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორია ამირან პაპინაშვილი, რომლისთვისაც ბაქოში აღებული ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მედალი იყო.
ამავე წონაში იქნება ლუხუმ ჩხვიმიანიც, რომელსაც პლანეტის პირველობაზე შანსი მეორედ ეძლევა.
2017 წელს აღებული ბრინჯაოს მედლის ხარისხის გაუმჯობესებას ეცდება ვაჟა მარგველაშვილი. ამ წონაშივე იასპარეზებს და მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი ექნება, ბაგრატ ნინიაშვილს.
როგორც ყველა ტურნირზე, აქაც წონის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.). მას განსაკუთრებული მოტივაციაც აქვს. თანამედროვეობის ერთერთ ყველაზე ტიტულოვან ქართველ სპორტსმენს იმისთვის რომ ყველა მნიშვნელოვანი ტურნირი ჰქონდეს მოგებული მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი აკლია.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეორე დებიუტანტი ლუკა მაისურაძე იქნება (81 კგ.), 90 კილოგრამში კი სადაც კანდიდატები ყოველთვის მრავლადაა, მწვრთნელმა ბექა ღვინიაშვილი შეარჩია.
ვარლამ ლიპარტელიანს მსოფლიო ჩემპიონატებიდან ხუთი მედალი აქვს. კაპიტნისთვის ტოკიო მორიგი შანსია, რომ პლანეტის საუკეთესო გახდეს. აქამდე მას ამ ტურნირზე სამი ფინალი აქვს ნაჭიდავები და სამივეში დამარცხდა.
ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო]
გურამ თუშიშვილი ტოკიოში ჩემპიონის სტატუსით იქნება. კარიერის მთავარი ტიტული გურამმა ბაქოში მოიპოვა, სადაც ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა.
ტურნირზე საქართველოს ღირსებას ქალი ძიუდოისტიც იცავს, ტეტიანა ლევიცკა- შუკვანი 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
„ნიპონ ბუდოკანის“ არენა – 55 წლიანი ისტორია
„ნიპონ ბუდოკანის“ არენა 14000 მაყურებელს იტევს და იაპონიაში ისტორიებით გამორჩეული დარბაზია, რომელიც სპეციალურად 1964 წელს ოლიმპიადისთვის აშენდა. წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი ამ არენაზე რიგით მესამე იქნება. დარბაზში ასევე არაერთხელ უმასპინძლია ჭიდაობის, სუმოს, კრივს და სხვა პოპულარული სახეობების მასშტაბური ტურნირებისთვის. აქვე 1976 წელს მუჰამედ ალის და იაპონელი ანტონიო ინოკის ბრძოლა შედგა.
გარდა სპორტული ღონისძიებებისა, ხშირად იმართება მუსიკალური შოუები, მათ შორის სოლო კონცერტი ჩატარებული, „ბითლზს“, ტინა ტერნერს და ბიონსეს აქვთ.
წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი 2020 წლის ოლიმპიადის ძიუდოს პროგრამის გენერალური რეპეტიციაა, რომელიც იაპონიაში 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ეს მსოფლიოს ჩემპიონატი და მთლიანად წელი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისთვის (IJF) საიუბილეოა. 55 წლის წინ – 1964 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ძიუდო ოლიმპიურ ოჯახში მიიღო და ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს ტოკიოში სპეციალური გალა საღამოც გაიმართება.