ძიუდო | ილია სულამანიძე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს, ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობას გამოეთიშა #1TVSPORT
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ასპარეზობენ.
21 წლის ილია სულამანიძე მეოთხედფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს ძიუდოისტთან, არმან ადამიანთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟში განაგრძობს, სადაც მისი პირველი მეტოქე კანადელი რეიესი იქნება.
ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი მესამე წრეში ყაზახეთის წარმომადგენელ ნურლიხან შარხანთან სამი გაფრთხილების გამო მოხსნეს და ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დაიკავა.