ძიუდო I საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ჩვენმა გუნდმა რეპეშაჟში უზბეკეთის ძლიერი ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა. შეხვედრები ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ), ლუკა მაისურაძემ (90კგ), სოფიო სომხიშვილმა (+100კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100კგ) მოიგეს.
საქართველოს ნაკრები დოჰაში მსოფლიო პირველობაზე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის საფრანგეთს ან გერმანიას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე დასრულებულ ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81კგ) და ლუკა მაისურაძე (90კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) დაიკავა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე გავიდა.