ძიუდო | გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია, გოჩილაიძე მეოთხედფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. ქართველმა ფინალის საგზურისთვის სამხრეთკორეელი ლი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა 81კგ-ში გამომსვლელმა დიმიტრი გოჩილაიძემაც. მან იტალიელი ესპოზიტო იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში იჭიდავებს. დღეს შეჯიბრებაზე გამომსვლელი კიდევ ერთი ქართველი ეთერ ასკილაშვილი (63კგ) მსოფლიო ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე ორი დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – 60 კგ-ში მოასპარეზე 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, 66კგ-ში კი ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.