ძიუდო | გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია, შავდათუაშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ექვსი ქართველი ჭიდაობდა, რომელთაგან ორი ძიუდოისტი წარმატებულად აგრძელებს ასპარეზობას. მესამე შეხვედრა მოიგო და ტურნირის ნახევარფინალშია მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ). ქართველმა მეოთხედფინალში გერმანელი დომინიკ რესელი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ფრანგ ომარ ალფა დიალოს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) მერვედფინალში სლოვენიელ ჰოიაკს გაფრთხილებებით სძლია და ნახევარფინალის საგზურისთვის ნეიტრალურ დროშით მოასპარეზე რუს დანილ ლავრენტიევს შეხვდება.

დღეს გამომსვლელი ოთხი სპორტსმენი – გიორგი ტერაშვილი (73კგ), ეთერ ასკილაშვილი (63კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე 70კგ) ევროპის ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყო, ხოლო 19:00 საათიდან ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.