ძიუდო | გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში იასპარეზებს – მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ფინალში გასასვლელად იტალიელ ატილიო ესპოზიტოს იპონით სძლია და ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტს ოქროს მედლისთვის დაუპირისპირდება.
ფინალურ ბლოკში ვიხილავთ ლაშა შავდათუაშვილსაც (73 კგ), რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის მოლდოველ ადილ ოსმანოვთან იჭიდავებს.
შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი ოთხი ქართველი – გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 18:45 საათიდან შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს შეჯიბრზე ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.