ძიუდო | გიორგი სარდალაშვილმა ტაშკენტის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1VSPORT
გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 20 წლის ქართველი ძიუდოისტი ტურნირის ფინალში უზბეკ დოსტონ რუზიევთან შებოჭვით დამარცხდა.
შეჯიბრებაზე დღეს გამომსვლელი ორი ძიუდოისტი – ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ლაშა ნადირაძე (66 კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. ხვალ, 2 მარტს, ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველებიდან ბაგრატ ნინიაშვილი (73 კგ) იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე – 60 კგ), ლაშა ნადირაძე (66 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (73 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და იმედა გოგოლაძე (ორივე – 100 კგ).
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ჩვენმა გუნდმა ტაშკენტში ცხრა ძიუდოისტით იასპარეზა და სამი მედალი მოიპოვა. ვარლამ ლიპარტელიანმა გრანდ სლემი მოიგო, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) – ვერცხლის, გელა ზაალიშვილი (+100 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.