ძიუდო | ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს მედლების მოსაპოვებლად ხუთი ქართველი იბრძოლებს - ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, ტურნირის ბოლო დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს.
მამაკაცებიდან მედლების მოსაპოვებლად ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე 90კგ), ილია სულამანიძე (100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ), ხოლო ქალებიდან მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის ჩემპიონატის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მედალი აქვს მოპოვებული. გუშინ, 4 ნოემბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება, ხოლო 19:00 საათიდან ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.