ძიუდო | ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გველესიანმა - ვერცხლის, გოჩიაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გველესიანმა - ვერცხლის, გოჩიაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ერთეულთა ასპარეზობის ბოლო დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ფინალურ ბლოკში საბა გველესიანმა (90კგ) – ვერცხლის, შოთიკო გოჩიაშვილმა (+90) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დღეს ტურნირზე გამომსვლელმა კიდევ ორმა ქართველმა – ლიზი ქვარცხავამ (70) და ნინო პაპიძემ (+70) შეჯიბრებაზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ფესტივალის ძიუდოს ტურნირზე დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი გახლდათ – შოთა ბაჩოშვილი (50 კგ), მერაბ სამადაშვილი (55 კგ) და მათე გველესიანი (66 კგ) შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ, გიორგი ბენდელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა მამაკაცთა შორის საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე ძიუდოში ხვალ, 29 ივლისს გუნდური ასპარეზობა გაიმართება.