ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია, მარგველაშვილი და ლოლაძე შეჯიბრს გამოეთიშნენ [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) განაგრძობს. ქართველმა მერვედფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი ქსენია გალიცკაია დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და მეოთხედფინალში გერმანელ სეია ბალჰაუსს დაუპირისპირდება.

66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა პირველივე შეხვედრა ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მურად ჩოპანოვთან წააგო და შეჯიბრს გამოეთიშა. უმედლოდ დარჩნენ ასევე ნინო ლოლაძე (57კგ) და გიორგი სარდალაშვილი (60 კგ).

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო, ხოლო 19:00 საათიდან ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.