ძიუდო | ბუდაპეშტის მასტერსზე ზაალიშვილმა და სულამანიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ფინალურ ბლოკში ილია სულამანიძემ (100 კგ) და მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ილიას მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მეტოქე არ გამოუცხადდა, ხოლო ზაალიშვილმა იაპონელი კაგეურა დაამარცხა.
ცოტა ხნით ადრე ტურნირზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი ვიხილეთ. ოქროს მედლისთვის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურისა და მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის დაპირისპირება სანახაობრივი არ გამოდგა და, საბოლოოდ, გაფრთხილებებით ბექაურის გამარჯვებით დასრულდა.
ეს შეხვედრა წლევანდელი თბილისის გრანდ სლემისა და მსოფლიო ჩემპიონტის ფინალის გამეორება გახლდათ. თანამემამულეთა შერკინება თბილისში – ბექაურის, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მაისურაძის სასარგებლოდ დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა 2023 წლის ბუდაპეშტის მასტერსზე მთლიანობაში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.