ძიუდო | ავსტრიის გრანპრიზე ოთხი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო | ავსტრიის გრანპრიზე ოთხი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

დოჰაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით პირველი ტურნირი 25-27 მაისს ავსტრიის ქალაქ ლინცში გაიმართება – გრანპრიზე საქართველოს ნაკრები ოთხი სპორტსმენით იასპარეზებს.

ტურნირზე ამ დროისთვის 75 ქვეყნის 481 ძიუდოისტია დარეგისტრირებული, მათ შორის არიან: ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე – 81 კგ), ბაქარ ერაშვილი (90 კგ) და ლევან გუგავა (100 კგ).

აღსანიშნავია, რომ ტურნირის განაცხადში მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერიც ფიგურირებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მთლიანობაში მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული გამოდგა. ინდივიდუალურ ასპარეზობებში ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და მამაკაცთა შორის გუნდურ ჩათვლაში ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულეს.