სოკი - ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელთა საქმიანობა შემაშფოთებელია
სოკი - ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელთა საქმიანობა შემაშფოთებელია

2020 წლის იანვარში გერმანულ ტელეარხ „ა-ერ-დე“-ს (ARD) ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) პრეზიდენტ ტამაშ აიანს კორუფციაში და დოპინგის გამოყენების ფაქტების დამალვაში ადანაშაულებდა. მას შემდეგ კი, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) IWF-ში არსებული ვითარების შესასწავლად ცნობილი კანადელი იურისტის, რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით დამოუკიდებელი კომისია შექმნა და გამოძიება დაიწყო, IWF სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ფედერაციის პრეზიდენტი, 81 წლის უნგრელი ტამაშ აიანი, ჯერ სამი თვის ვადით გადადგა თანამდებობიდან, მოგვიანებით კი საბოლოოდ დატოვა პოსტი და ასევე უარი თქვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საპატიო წევრის სტატუსზე (ტამაშ აიანი 1970-1976 წლებში IWF-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო, 1976-2000 წლებში – გენერალური მდივანი, 2000 წლიდან კი – მისი პრეზიდენტი).

ამ დღეებში გამოქვეყნდა მაკლარენის კომისიის შუალედური დასკვნა, გამოვლინდა რამდენიმე ათეული დადებითი დოპინგ-სინჯის დამალვის ფაქტი აიანის პრეზიდენტობისას; ირკვევა, რომ ფედერაციაში ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგეგებს, საპრეზიდენტო არჩევნებისას კი მოქმედებდა ხმების მოსყიდვის სისტემა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადების თანახმად, კომისიის დასკვნას აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაგირება, IWF-ის წარმომადგენელთა ნაწილი ვერ შეძლებს მიიღოს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების აკრედიტაცია, მოსალოდნელია სხვა სანქციებიც.

„გაწბილებული და შოკირებული ვარ ფედერციის საქმიანობასთან დაკავშირებული ცნობებით. გამაოგნებელია ის მოხსენებები, რომლებსაც სხვადასხვა წყაროდან ვიღებთ. ჯერ უნდა გავერკვეთ იმ მოხსენებაში, რომელიც IWF-თან დაკავშირებით მოამზადა მაკლარენმა. უმკაცრესი ზომების მიღების უფლებას ვიტოვებთ, მათ შორის – ოლიმპიური თამაშებიდან ძალოსნობის ამოღებისაც. ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება და გამოვთქვით მზადყოფნა, ვითანამშრომლოთ ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობასთან. სურვილი გვაქვს, მოვძებნოთ ისეთი გზები, რომლებიც ფედერაციის საქმიანობას გამჭვირვალეს გახდის. მზად ვართ ნებისმიერი დახმარების აღმოსაჩენად,“ – განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.