ძალიან მინდა საქართველოს ნახვა - ინტერვიუ რუსეთის ნაკრების ქართველ კანდიდატ კონსტანტინე მარადიშვილთან #1TVSPORT
ძალიან მინდა საქართველოს ნახვა - ინტერვიუ რუსეთის ნაკრების ქართველ კანდიდატ კონსტანტინე მარადიშვილთან #1TVSPORT

„სპორტ 24-მა“ ინტერვიუ ჩამოართვა მოსკოვის „ლოკომოტივის“ და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველს, კონსტანტინე მარადიშვილს, რომელმაც საქართველოზე, ქართველებზე რუსეთისა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.

„ზაფხულში „ლოკომოტივში“ რვა ახალი ფეხბურთელი მოვიდა. კონსტანტინე მარადიშვილი რკინიგზელების ერთ-ერთი წარმატებული შენაძენი აღმოჩნდა. „ლოკოში“ ექვს თვეში მარადიშვილმა იმდენივე გაიტანა, რამდენიც ცსკა-ში თითქმის ორ წელიწადში და პირველი ნაწილის მიწურულს გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა. მარადიშვილის ცსკა-დან გადასვლამ დიდი ხმაური გამოიწვია, რადგან მან არმიული კლუბის სტრუქტურაში 14 წელზე მეტი გაატარა“, – წერს გამოცემა „სპორტ 24“.

– მამაშენი ქართველია, დედა კი რუსი. რა კერძები იყო უფრო მეტი საახალწლო სუფრაზე?

– ამჯერად უფრო ქართული. იყო ასევე ტრადიციული, როგორიცაა ოლივიე. დედამ ქართული კერძების მომზადებაც იცის, მაგრამ ამ ახალ წელს გაემგზავრა. შევხვდი მამაჩემთან, ძმასთან და ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად.

– რომელია თქვენი საყვარელი ქართული კერძი?

– ძალიან მიყვარს ჩახოხბილი.

– ორი წლის წინ ინტერვიუში თქვი, რომ საქართველოში არასდროს ყოფილხართ. ამის გამოსწორება მოახერხე?

– აქამდე ვერ შევძელი. სწორედ ამ ორ წელიწადში, პანდემიამ ძალიან შეზღუდა ქვეყნებს შორის მიმოსვლა. გარდა ამისა, ბევრი თავისუფალი დრო არც მქონდა. იმედია, რაც შეიძლება მალე წავალ, ძალიან მინდა საქართველოს ნახვა.

– ქართული იცი?

– არა. უნდა ვისწავლო, თუმცა რთულია. ჩემს ოჯახში ყველა რუსულად საუბრობს. პირველ ადგილზე რუსულია და შემდეგ ინგლისური – თუმცა საკმოდ სუსტად ვფლობ.

– არჩევანი გქონდა – საქართველოს თუ რუსეთის ნაკრები?

– ორ ვარიანტს განვიხილავდი – საქართველოსა და რუსეთს. არაფერი შემიცვლია. ახლა რუსეთში ვთამაშობ, ახალგაზრდულ ნაკრებში გამუდმებით მიწვევენ. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ გულშემატკივარს – მწერენ, მეძახიან, რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო.

– რუსეთის ეროვნულ ნაკრებში ჯერ დებიუტი არ გქონიათ. თეორიულად, თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ საქართველოს ნაკრებში.

– ვარაუდებით ლაპარაკი არ მსურს. არავინ იცის, რა იქნება ხვალ. ახლა მე „ლოკოსა“ და ახალგაზრდულ ნაკრებზე ვარ ორიენტირებული.

– მოსკოვში ქართველებთან თუ საუბრობ?

– სხვათა შორის, „ლოკოში“ გადასვლის შემდეგ, ბევრად მეტად მცნობენ, ვიდრე ადრე – და არა მარტო ქართველები. ცოტა ხნის წინ იყო სახალისო ამბავი. რესტორანში შევედი, ვგრძნობ, რომ ვიღაც მიყურებს. შემოვბრუნდი, გოგონა იყო. როცა სახით დამინახა, მაშინვე წამოიყვირა და ბოლოს სურათი გადავიღეთ.