ძალიან მეიმედება ახალი თაობის - „ჯვაროსნების“ გამოცდილი მოთამაშე ნაკრებში პერსპექტივას ხედავს #1TVSPORT
„საფეხბურთო ტაიმაუტში“ ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების შემტევმა ჯაბა ჯიღაურმა ეროვნული გუნდის მდგომარეობაზე და პერსპექტივაზე ილაპარაკა.
„ფეხბურთში მთავარი სტაბილურობაა, რაც ჩვენს ნაკრებს ბოლო წლებში არ ახასიათებდა. სექტემბერში ჩატარებული ცუდი მატჩების შემდეგ საბოლოოდ რეაბილიტაცია მაინც შევძელით – ჯერ კოსოვო დავამარცხეთ, შემდეგ შვედეთი და უზბეკეთი. ვისურვებდი, ეს სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული“, – თქვა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ჯაბა ჯიღაურმა.
28 წლის გამოცდილმა ფეხბურთელმა ნაკრების ახალ თაობაზეც ილაპარაკა.
„მე ძალიან მეიმედება იმ ახალი თაობის, რომელიც ნაკრებში მოდის – საკმაოდ ნიჭიერები არიან და კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ თანამედროვე ფეხბურთში კიდევ უფრო დიდ სიტყვას იტყვიან, რადგან მათ ეს შეუძლიათ“.
„რეალურად გჯერა, რომ ჩვენი ნაკრები წარმატებას მიაღწევს და ჯგუფიდან გავა?“ – ჯაბა ჯიღაურმა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანის, ვლადიმერ გუცაევის ამ კითხვასაც უპასუხა.
„დიდი ხანია, საქართველოს ნაკრები მეორე ადგილისთვის იბრძვის, რასაც სამწუხაროდ, ჯერ ვერ მივაღწიეთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზი იმ ახალგაზრდებთან, რომლებმაც ინგლისთან მოიგეს, ადრე თუ გვიან შედეგს გამოიღებს. ამის შანსი არც ისე დიდი ხნის წინ გვქონდა და სამწუხაროდ, ჩრდილო მაკედონიასთან არ გაგვიმართლა. მაგრამ სადაც ევროპის ჩემპიონატიდან ერთ ნაბიჯში ვიყავით, გამოდის, ბრძოლა შეგვძლებია, ეს ნაბიჯი გადავდგათ და შეიძლება ევროპაზე ან მსოფლიოზე მოვხვდეთ. ერთა ლიგა ჩვენი შანსია და ამის გამოყენებას უნდა შევეცადოთ“.
ჯაბა ჯიღაურმა უცხოეთში მოთამაშე იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც სათამაშო პრატქიკა არ აქვთ, მოუწოდა, საქართველოში დაბრუნდნენ და ევროთასებზე გასულ გუნდებს დაეხმარონ.
„თუ ფეხბურთელი უცხოეთში არ თამაშობს, აჯობებს, საქართველოს რომელიმე იმ გუნდში ითამაშოს, რომელიც ევროთასებზე გადის. თუ სომხეთის, ლუქსემბურგის და ესტონეთის გუნდები გადიან ევროჯგუფში, ჩვენ რატომ არ უნდა გავიდეთ – ასეთ გუნდებს დაეხმარონ და შეძლონ და შევიდნენ კონფერენს ლიგაზე, რაც ქართველი გულშემატკივრებისთვის საოცნებო გახდა ბოლო წლების განმავლობაში. ასე მაგალითად, ესტონეთის გუნდს ლეგიონერი არ ჰყავდა“, – ამბობს ჯიღაური.
მისი თქმით, ბათუმის „დინამოდან“ წასვლაზე არ ფიქრობს, მაგრამ უცხოეთში წასვლაზე უარს არ იტყვის.
„ეს ფიქრებში ყოველთვის არის, განვიტარებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალება ევროპაში გამოსვლაა. მე არ ვფიქრობ, რომ ვეტერანი ვარ – თამაშს კიდევ დიდხანს ვაპირებ. თუ მექნება შანსი, წავიდე, ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებ – მაგრამ მხოლოდ ძლიერ კლუბში“.
ჯიღაურმა ევროპაში ქართველი ფეხბურთელებისთვის ხელისშემშლელი ბარიერები დაასახელა.
„ჩვენი მენტალიტეტი ევროპელისგან ძალიან განსხვავდება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ასაკში წახვალ. უკეთესია, განვითარების პროცესში წახვიდე. 25-26 წლის რომ ხარ, ევროპელი თავისიანს ამჯობინეს – გამოჩნდება 20 წლის მოთამაშე, მაგალითად, პოლონელი და თუ ერთ დონეზე ხარ, უპირატესობას მაინც იმას ანიჭებს. ლეგიონერი ადგილობრივზე ერთი თავით მაღლა უნდა იდგე, ადგილი რომ დაიმკვიდრო. ამას ნებისყოფაც სჭირდება, ჩვენები კი სკამზე ყოფნას ვერ ეგუებიან. ბარიერების გადალახვა გიწევს – ასევე ფიზიკური მომზადებაა საჭირო. თუ ფიზიკური მომზადება ხელს გიწყობს და მორალურად ძლიერი ხარ, ადგილს დაიმკვიდრებ. ცოტა ვაჟკაცობა გჭირდება, უცხო გარემოში თავი რომ დაიმკვიდრო. აქ რომ ყველა გეხმარება და ნდობას გრძნობ, იქ არ გაქვს და შეცდომას არ გაპატიებენ. მერე ამაზე ფიქრში შენ თავთან ბრძოლები გეწყება და ამ ყველაფერს გამძლეობა ნამდვილად სჭირდება“ .