„ძალა ერთობაშიას“ წევრებმა ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს
„ძალა ერთობაშიას“ წევრებმა ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს

„ძალა ერთობაშიას“ წევრებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს. მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ზვიად გამსახურდიას საფლავი პარტიის წევრებმა ყვავილებით შეამკეს და ზვიად გამსახურდიას ღვაწლსა და დამსახურებებზე ისაუბრეს.

მთაწმინდის პანთეონში გამსახურდიას საფლავზე დილიდან ხალხმრავლობაა. ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე, ახლად არჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. იმავე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ უწოდეს და აღდგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა – დროშა, გერბი და ჰიმნი. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში ქვეყნიდან განდევნეს, სამხედრო გადატრიალების შედეგად.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.