„ძალა ერთობაშია“ ვანო მერაბიშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას და პრეზიდენტისგან მის შეწყალებას ითხოვს
„ძალა ერთობაშია“ ვანო მერაბიშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას და პრეზიდენტისგან მის შეწყალებას ითხოვს

ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს.

განცხადების ტექსტში, რომელიც გაერთიანების სახელით მამუკა გამყრელიძემ წაიკითხა, „ძალა ერთობაშია“ თეა წულუკიანისგან ითხოვს, საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაუყონებლივ გადაიყვანონ სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო დაწესებულებაში, რათა სათანადო კვლევები და მკურნალობა ჩაუტარდეს. ოპოზიცია ითხოვს, რომ მკურნალობის შემდეგ, მერაბიშვილი სათანადო პირობებში გადაიყვანონ.

რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ივანე მერაბიშვილი შეიწყალოს. „ძალა ერთობაშია“ მოუწოდებს გიორგი მარგველაშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე შეიწყალოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია სწორედ საქართველოს პრეზიდენტსა და იუსტიციის მინისტრს აკისრებს.

ოპოზიცია თეა წულუკიანსა და გიორგი მარგველაშვილს ორდღიან ვადას აძლევს.

„ვანო მერაბიშვილის დაავადება პროგრესირებს. ის თვე-ნახევრის წინ დაიწყო და სწრაფად პროგრესირებს. აუცილებელია დიფერენციული დიაგნოზის დასმა, რისთვისაც საჭიროა კომპლექსური კვლევების ჩატარება. აუცილებელია კლინიკაში გადაყვანა და სტაციონირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მისი დაავადება დასრულდეს ცუდად. მივმართავ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაუდგინდეს ზუსტი დიაგნოზი. ამისთვის ჩვენ ვაძლევთ რამდენიმე დღეს, ორ დღეს. თუ ორი დღის შემდეგ არ იქნება საჭირო ზომები მიღებული, ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვება“, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანების წევრმა, მანანა ჯებაშვილმა.

ოპოზიციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მერაბიშვილი უკვე მეექვსე წელია სასჯელს იხდის მძიმე პირობებში, კერძოდ უფანჯრო საკანში, რის გამოც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დღეს განცხადება გაავრცელა. სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.