„ძალა ერთობაშია“ მოითხოვს, კანაფის კულტივაცია-ექსპორტი კონსტიტუციით აიკრძალოს 
„ძალა ერთობაშია“ მოითხოვს, კანაფის კულტივაცია-ექსპორტი კონსტიტუციით აიკრძალოს 

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით მიმართავს.

„ძალა ერთობაშია“ კანაფისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების წარმოება-კულტივაცია-ექსპორტის აკრძალვას კონსტიტუციის დონეზე ითხოვს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, „ძალა ერთობაშია“ ქვეყნის მასშტაბით 200 ათას ხელმოწერას შეაგროვებს, რათა საკონსტიტუციო გარანტიები შეიქმნას, რომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების კულტივაცია-ექსპორტი არ ხდებოდეს.

„ცვლილებები შეჩერებულია, თუმცა საზოგადოებას მყარი საკონსტიტუციო გარანტიები სჭირდება, რათა ასეთი გიჟი იდეა თავში არც ერთ ხელისუფლებას არ მოუვიდეს. მოსახლეობას მოვუწოდებ, ამ პროცესში ჩაერთოს და ხელისუფლებას ჩვენი ძალა ვაჩვენოთ”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

პარლამენტმა კანაფის ექსპორტის მიზნით კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა ამ ეტაპზე შეაჩერა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ფართო კონსულტაციები გაიმართება.