დვალიშვილმა ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა #1TVSPORT
ლადო დვალიშვილმა ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:
„ლადო დვალიშვილმა ჩვენი კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა. ბათუმის „დინამო“ მადლობას უხდის ლადოს კლუბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და აღნიშნულ პოსტზე მუშაობის პერიოდში მოპოვებული არაერთი გამარჯვებისთვის.
გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ მას ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად, ასევე პირად ცხოვრებასა და კარიერაში“.
ლადო დვალიშვილმა ფეხბურთელობისას უნიკალური შედეგი დააფიქსირა – საქართველოს ნაკრების (44 მატჩი, 6 გოლი) ყოფილმა თავდამსხმელმა ჩემპიონის ტიტული ხუთ კლუბში („დინამო თბილისი“, რუსთავის „ოლიმპი“, ხაიფას „მაკაბი“, ვარშავის „ლეგია, „საბურთალო“) მოიპოვა.
ფეხბურთელის კარიერა 2020 წელს ბათუმის „დინამოში“ დაასრულა და ამის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ სპორტული დირექტორის თანამდებობა შესთავაზა.